დროის გატაცება


ჰო, ახლა მარტია და უკვე მოწვიმა,
ვუყურებ, სულელო, ამ შეშლილ ქალაქებს.
სიმშვიდე მომწყინდა, სიმშვიდე მომწყინდა —
და სიყვარული კვლავ მალაპარაკებს!

ჰო, ახლა მარტია და ცაზე მთვარე წევს,
და თეთრი ყვავები ფანჯრებთან დამსხდარან.
მივყვები ქუჩაში ჩემნაირ გარეწრებს —
შეშლილი სიჩუმით დაჭრილი მასხარა.

არ გესმის? მარტია — მიჰყევი, მიები.
რა მოხდა მერე, თუ შენც გაგხდის ცვალებადს?
მოდი, ავაშენოთ ჩვენ იმპერიები,
და პოვნა იქნება ეს გარდაცვალებაც...

საკუთარ თავის და ჰორიზონტს გავქაჩავ,
იღბალით აქ მუდამ სასტიკად მასხრობენ.
შენი თავის გარდა მშველელი არა ჩანს.
მიყვარხარ! მიყვარხარ! ეს დაიმახსოვრე.

შენ უნდა შეგეძლოს დროის გატაცება,
მთრთოლვარე სულს მოგცემ, რომელიც იელვებს,
და მჯერა, ოდესმე საზღვრებს გადასცდება
დაფერდილი მზის ყრუ სიმშვენიერე.

ყინვაა და ქარი გზებიდან გადადის,
მიქაელს სამყარო ცრემლად მისწოლია.
ჰო, ჩემი სულია ცისფერი ქაღალდი,
და ჩემი თვალები მთელი ისტორია!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2016 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი