ადამიანი, რომელმაც საჭე დაკარგა და ღმერთს გადააჭარბა


კაპიტანს ზღვაზე ვარსკვლავები საჭეს აძლევდნენ,
ის ვეღარასდროს გახდებოდა ხმელეთის კაცი,
გამარილებით წყლის სიზმრები როცა დაძველდნენ —
აღმოსავლეთით შეღამება მოვიდა მკაცრი.

ნაპირისმჭამელს დაეძებდა შორს ზღვარომანტი,
და ოკეანემ საკუთარი შიში გაცურა;
მკითხველმა იგრძნო ზღვის მწარე არომატი
და თავი იგრძნო მოტყუებით, მაინც დაცულად.

და ამ მამაცმა საჭე უფრო ძლიერ ჩაბღუჯა —
ლევიათანი ღამით გემის კარს აკაკუნებს.
მთელმა კოსმოსმა ერთი წამით თვალი დახუჭა,
და კაპიტანმა დაიჭირა ღმერთი ჰარპუნით.

გემი ფანტომურ დერეფანში გადადიოდა
და გემის ბორტზე აწმყო, თითქოს დაჭრილი, იწვა.
ზღვების ციება კაპიტანმა სივრცეს გადადო,
უსასრულობამ გაიხსენა, რომ იყო მიწა.

ნამძირალევმა დინებებმა წაიღეს საჭე
და უხელებოდ კაპიტანმა შეიცნო მართვა.
ის ოქტოპუსებს გზად საკუთარ სხეულებს აჭმევს,
თვითონ მიჰყვება ბედისწერას საკუთარს — მათთან.

გემმა დაიწყო ფრენა, მაგრამ ფრთები არ ჰქონდა,
ტალღები დროის ცხენებივით სწრაფად მორბიან;
მაგრამ კაპიტანს თავი მაინც მედგრად გაჰქონდა —
ობოლი ტალღა დაკარგული დროის ობია.

ტალღებზე იდგნენ ბუმბერაზი მინის ცხენები,
დროის ქარებში მყიფეობით ბევრჯერ გაცურეს;
ბედისწერის კვალს მიჰყვებოდა ზღვების ცხელება,
და კაპიტანი კვლავ მომავალს გადააცურა.

ვარსკვლავი წყალში ჩაძირულ თვალს ემსგავსებოდა,
ტალღები მინის ცხენებივით მიჰქროდნენ ცაზე;
გემი კი ამ ცას საკუთარი ფრთებით ვერ ბანდა
და ქვეშ უძლურად ჩაიკეცა დახრილ ანძაზე.

საკუთარ სიღრმეს ოკეანე კაპიტანს უმხელს,
ლევიათანი მთვარესავით ამოვა წყლიდან.
და ზღვისგან ნაპოვნ მწარე სიბრძნეს, ვაშლივით მკუხეს —
ჩაფიქრებული კაპიტანი გემიდან ყრიდა.

ნიჩბებმა ჟანგი გაიჩინეს, ფრთები გაზარდეს
და ქარი ნაპირს საკუთარი კბილებით შლიდა;
ტალღებს კი, როგორც სხვის სხეულზე ამონაზარდებს,
მორიდებული უყურებდა — ძალიან მშვიდად.

კაპიტანია — ამ ტალღებით ბევრგზის ნაცემი,
ტკივილი ისე უხაროდა, მასზე ნაღვლობდა;
როგორ უყვარდა, მრისხანე და ფრთებგაცვენილი —
მისი სიდიდე — სიუხეშის და ქედმაღლობის.

მისი სიმდიდრე სიგიჟეა და ქედმაღლობა,
მიჰყვა დინებას, გადარეცხა ნამძირალევზე...
ტალღას, რომელსაც ის პირადად უხდის მადლობას —
იმისათვის, რომ ის ასეთი ნაძირალაა.

ოკეანის ფსკერს ცა ეჭირა და ცას — კოსმოსი,
და სიმაღლემაც სამუდამოდ სიღრმე დალია.
ღმერთმა იკითხა:

—  სად მთავრდება ადამიანი?

საჭე გაუშვა კაპიტანმა.

საჭე მკვდარია.

ცა ოკეანედ გადაიქცა, ხოლო ზღვა — ცისკენ
ისწრაფოდა, და ეს ზღვა ცისკენ ამოტრიალდა;
და კოსმოსს სუნთქვა დაუწყია მიწის გულიდან,
სიჩუმე თავის დასახატად ტალღებს მიადგა.

უსასრულობა კაპიტნისთვის დღეს მოკლე არი,
და მოდიოდა თოვლი, როგორც ცის ამნისტია.
ცამ კოსმოსი შვა, გადაყლაპა ცა ოკეანემ,
უსასრულობამ კაპიტანი ვერ დაიტია!


---

ყველა სტრიქონი ცდილობს იყოს ისეთი დიდი,
რომ მის ტარებას სისულელე ახლა არ ჰქვია.
ქირურგიულად გამკაცრებულ კოსმოსში მიდის
მეტაფორების მასშტაბური იერარქია.


მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი