წითურო!


ვერც შეგადარებ ლალს და ავგაროზს,
მწვავს შენი მკვეთრი ცრემლების სისქე.
მინდა, სიტყვებით ისე დაგღალო,
მიწამ კისერი წაიღოს მზისკენ.

რაც მოსახდენი არის — მოხდება,
რა მოვუხერხო თვალებს გალეშილს,
და, როგორც ზღვასთან ნისლის მოხდენა,
სული შეგახე — უხმო ალერსი.

მე შენს თვალებში ჩემს თავს ვკითხულობ —
ჩემს ბედისწერას, ჭორფლიან ბლონდებს.
ცივი მზე კოცნის, ჩემო წითურო,
რომ აქ გათბობის უფლება ჰქონდეს.

ჰეი, წითურო! სულია ღალა
და სხეულს აღარ უნდა ეკიდოს.
წითელი თმების ჩირაღდნის ღალატს
ბეცმა ქარებმა ცეცხლი წაკიდეს.

ჰეი, წითურო! მოვალ იჩქითად
და სულს დავძაგრავ სადღაც მარტისთვის.
მოვალ, ლოყაზე მაგრად გიჩქმიტავ,
როგორც კაცი და როგორც არტისტი.

სადაც არა სწამთ ოცნების გემო
და შენი თმების ჩირაღდნის „რიჟის“,
„მიყვარხარ-მეთქი!“ — სიგიჟევ ჩემო,
იყავი გიჟი!


მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2019 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი