ცხენის რძე


მივყვები ათასი გზის ნაწვალევ ზიგ-ზაგებს,
ვაქციე ჩრდილების სიმაღლე ნახშირად,
ვამცირებ ნაბიჯებს და წონას ძირს ვაგდებ —
მემგონი სახლში ვარ.

ჩრდილების სიმაღლის რა ესმით ასეთებს,
რას მეტყვი სირცხვილით უკურნელს, გოგონი,
უყურე ქარების წაკითხულ გაზეთებს —
ჩვენს სახლთან ათასგვარ ეჭვებად მოგროვილს.

არ ვიცი სირცხვილი და ჩრდილის სიმაღლე,
მზის ცხელი ბურთიდან წარმოქმნილ სინგურებს —
შენს თეძოს მეზობლის ჭორივით მივართმევ
და მერე — როგორი თვალებით გიყურებ.

მივყვები ჩრდილივით ხეობის მუსტანგებს,
ფეხქვეშ რომ გათელეს მზის ცხელი საფარი,
ფლოქვების ხმაზე და ჭიხვინზე ვუამბეთ
დროებას — რომელიც წავიღეთ ფაფარით.

ვუყურებ სიმართლეს — ერთგვარად პლაგიატს,
ტყუილი ყოველთვის აკეთებს კომენტარს,
და მაინც ვიძახი: სიცოცხლე კარგია! —
სიკვდილში ჩახატულ საოცარ მომენტად.

ხორციდან ჩამოვხევ სულს, როგორც მაროკენს,
სულიდან ჩამოვხევ შუქს — როგორც ნონპარელს,
ოღონდაც სირცხვილი ნერწყვიდან ალოკეთ,
და მერე, თუ გინდათ, სიცოცხლეც მომპარეთ.

თქვენ, ზურგის ქარებო, დამაბით ოღონდაც —
ჯაჭვებით, მაგრამ ვინ მიყვარდეს მე ვწყვიტავ,
საფრთხე მსდის ცრემლების მაგიერ მონღოლთა —
თვალიდან, რომელმაც სიკვდილი შეწყვიტა.

თვალებმა დიდების შიმშილი შეიგრძნეს,
არ მახსოვს ამბავი, წუხანდელ ბეკონის,
და სისხლის მაგივრად გაჟონა ცხენის რძემ —
სახლში ვარ... მემგონი.


მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი