ცივი მზის სიმღერა
ისმინეთ, ისმინეთ ცივი მზის სიმღერა, დიდება წავართვი რა-სა და ოსირისს, და ახლა ამოდის და ახლა იწყება — მზე იწვის ნილოსზე ბრმა ანგელოზივით. შენ, უცხო საუნჯევ, ნილოსის ზვირთებო, შეშლილთა სამოთხევ, შენ, ლურჯო ვეშაპო, ანგარიშს არ ვუწევ, უდაბნოს ვირთხებო, დაჟანგულ ფრთებსა და დანისლულ ეშაფოტს. ქაიროს სიჩუმე ლოცვებმა შეცვალეს, აქლემის კუზიდან მზეები ბღავიან... ბედუინს მიუშვით თოვლივით მეცხვარე, დიდება მისია, ვინც თეთრი ყვავია. ისმინეთ, ისმინეთ ცივი მზის სიმღერა, იქ წადით, საითაც გზებიც კი არ მიდის. წითელი ყვავილის სიმთვრალეს მიყვება ეს ცხელი ქვიშა და მწყურვალე ამინდი და მე ვკლავ თავისი ნესტრითვე მორიელს, ქალები სველ ქოლგებს მოჰგვანან ძალიან. მოხალულ ქვიშაზე საათი მოვლიე, მზე მარადისობის ყრუ ამორძალია. ეგვიპტის კატები ლოკავენ დაისებს, დაიწვეს ცრემლები ნილოსის ხეობაში. ამ შეკრულ კუბოშიც ხოჭოებს დაისევს მზეგამოღადრული ბოგინი ხეოფსის. ისმინეთ, ისმინეთ ღრეობა ქარების, იგრძენით დაცემა ბეჭებზე პლანეტის. სამყაროს შეხედეთ უწმინდურ თვალებით, თავისი გრძედით და თავისი განედით. არ გესმით? არ გესმით? სიმღერა ცივი მზის — როგორი ლამაზი, როგორი შემწყალე, ის ბედს წერს მარცხენით და არის ცაცია. გგონიათ, გიჟი ვარ? არ გინდათ ცინიზმი და სახის მიმიკა ბედივით შეცვალეთ. გახსოვდეთ: ეს არის ცივილიზაცია!!! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2019 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი