შავი კაცი


ღმერთო, მოდი — სულის ჩემოდნით,
ოთხი სიტყვა მითხარი: „ყველაფერი იყო კანტურად“.
ოთახში თეთრი ჩრდილი შემოდის,
უკუღმართი კარიკატურა
ღმერთის...

ზანზარებს კარი, კამოდი,
სიკვდილს ვიყვარებ და ჯავრით ვთბები.
კიბეზე შავი კაცი ამოდის
და შავი ქრისტე მიჰყვება ფრთებით.

ჩემი სახელი დავწერე: წვრილად
და ნერვიულად გაჩუმდა ხველა;
ღმერთმა მიყვირა: „დღეს შენს ჩრდილს ვწირავთ!“
ჩემში რაც მოკვდა — წაიღე ყველა!

ღმერთმა ახალი სიბრძნე იბოდა,
ვერ მოერია თავის სიმცირეს.
თვალს მიკრავს ჩემი ტვინი კიბოდან,
კიბიდან შავი ქრისტე მიცინის,

და ვიძრობ ტვინის დამპალ ნაწილებს,
კვლავ მიმიხურა მკაცრად დრომ კარი.
ღმერთო, მე ასე რატომ გამწირე?!
ღმერთო, მე ასე რისთვის მომკალი?!

ღმერთი მოვიდა სულის ჩეროთი
და რწმენა იყო ისეთი ხურმა —
დამწიფდებოდა, ღმერთშიც მჯეროდა,
ჩრდილი, რომელმაც სულ დამადუმა!

კედელი კედელს კუთხეში ვერ თმობს,
ღმერთს კვლავ ახალი სიბრძნე ამოაქვს,
შენი დუმილი — მითხარი, ღმერთო:
ეს რის გამოა?!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი