ქალი რომ არა
რა მნიშვნელობა აქვს, მოქაჩავს რომელი — მწეველი თამბაქოს, თამბაქოს მწეველი; მთავარი აქ არის — ურთიერთკავშირი, რაც ლამაზი და გამომწვევია! აქ მთელი სისტემა გონების ნაპირებს ნერვების ტალღებით ურტყამს და გადადის; ტუჩებით უთხარი სათქმელი პაპიროსს — და ახალ ფურცელზე სიჩუმე გადადე. დარდი თუ გალესავს გონებას მკვლელივით, არ მისცე უფლება — შენი დღე წაიღოს; შენს ცვრიან ფიქრებში ყოველდღე ვერ ივლი, დატოვე გვალვები, ელვები, წარღვნები. იმას ვერ მოარჩენ, რის გამოც ეწევი, უბრალოდ წუთებით ივიწყებ სხვა საათს; შენსავით გიჟი და შენსავით მერწევი — იცოდე — სხვაცაა! სხვა ცაა, სხვა დილა, ხევ — ღამეს პარიკებს, ამას შენელებულს ეძახი სუიციდს. სულელო, თუ გინდა, დამელაპარაკე, და არა სიჩუმეს, რომელმაც „ჩუ!“ იცის. სულს ევლო ხორცი და ფრთას მაღლა ვერ აფრენს, შეეხე თამბაქოს, ვით კაცის მცივან ტანს; ასეთ დროს თამბაქო უხდება ყველაფერს — გარშემო ნეონი, ნამწვი და სინატრა. მიმტანი ყავას დგამს, ვიღაცა იცინის, გარეთ მანქანები შორი-შორს მიდიან; ვიღაცა თავს იჩენს, ვიღაცა იმცირებს, ვიღაცას უყვარს და ვიღაცას ჰკიდია! თუ გინდა, იტირე ჩემს მხარზე, მოეშვი, ინტიმმა, რომ გახსნას ჩვენს შორის აღვირი! შეგახე სული და სიბილწის მორევი — ტრფიალით მოსული გილოკე ნაღველი. ამ ქვედა ბექობზე მე მინდა გცხო ვნება, თუ გინდა, დაგიკრეფ დუმილის არშიას. დიდ მოვლენებში არაა ცხოვრება — არამედ — პატარა წამების ჯამშია. მე ვიცი, ასწავლი ნიკოტინს იმ ვნებას — იქ, სადაც სიმტკიცემ ბახუსიც განაზა, და ვერცერთ თამბაქოს ვერ ეცოდინება, თუ როგორ უნდა დასრულდეს ლამაზად — ქალი რომ არა. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი