ქედმაღლობა


შენი სხეულით შეცნობილი ფრენა მწყუროდა,
რომელიც მიწას ფრენად აქცევს, როგორც სადავე.
ცხენის სრიალა თეძოების მედიდურობა
შენს მოელვარე ტანს შევადარე.

როგორ დაფრინავს სული, მინდა ვაჩვენო ბავშვებს,
სადაც სიგიჟეს ემსგავსება მშვიდი საღამო.
ცოდნას შევხვდი და თავისუფლად ჩავკბიჩე ვაშლი
და მესიზმრება დაუსაბამოდ...

გიჟის თვალებით დანახული სიმშვენიერე,
ფრთები შეასხი მოგონებებს, ქარო აშარო,
და სანამ გული სიბერის ჟამს ვეღარ იელვებს,
დრო არის, მეც რომ ფრთები გავშალო!

სიგიჟე სიბრძნეს გადაასწრებს, დახრის მიკიოტს,
ვინც საკუთარ ჩრდილს ვერ აჯობა, ის დაჩიავდა.
თვლემამორეულ შეღამებამ დროა იკივლოს
ან დამაბრმავოს ამ განთიადმა.

სიჩუმესაც აქვს საზღვარი და მისდევს ღაღანი,
და დრო ვერ იტევს ამოფრქვულს ხმიდან სტრიქონებს.
ჩემი სიგიჟე ფრთაშესხმული ზევით იქროლებს
და ის იქნება უფრო მაღალი.

და რაც სიკვდილსაც გადაარჩენს, ახლა მწყურია,
სულის სიმდიდრეს ვერ დამალავს ვერსად ძონძები.
ვინც თვალით განსჯის, ის ყოველთვის მედიდურია,
სულის სიღრმეში გადამალულ სახეს მოვძებნი.

ფოთლის ჩურჩული, ზღვის ღრიალი, ქარის შეტევა —
ამაზე დიდი სიხარული, განა არსებობს?
მე ქედმაღლობით არაფერზე ოდნავ მეტი ვარ
და მარადიულ უსაზღვრობას შევქმნი გარშემო.


მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2016 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი