სარკეების უდაბნო
ფიქრი — აბსტრაქციაა, სარკეების უდაბნო, მოძალადე წურბელა მინდა მხატვრად ვაქციო. გიჟი ვარ და ვუბერავ, მაგრამ ჩემზე ნუ დარდობ, შებმული ვარ პონებით სულის ბნელ ატრაქციონს; და აკეთებს სიკვდილი კვლავ ერთსა და იმავეს — მე მეხუთე მალა ვარ მოტეხილი კისრისა; გატეხელი სურათის დაგანახებ სიმრავლეს, რადგან ერთი ნატეხიც ამ სამყაროს ტოლია. ფიქრი — აბსტრაქციაა, სარკეების უდაბნო, მოწითალო ნაბადში თმას სიკვდილი ჩაიშლის; სანამ მიწა გასკდება, ზეცა, დაო, დამალე. ერთი კოვზი სიმშვიდე ჩამიყარე ჩაიში. სამყაროში ომია — ფუტკრისა და კრაზანის, ჩემი თაფლი გავზომე ძველი სუფრის კოვზებით — დაო, ჩემს წასაყვანად ანგელოზებს აგზავნის გაპარული სისხლიდან ნარკომანის დოზები. მე ვარ მელანქოლია — ტრანზიტია ხორცი და მახვილი უქონლობოთ; ფეხზე ვიცვამ Adidas-ს. მე სიმშვიდე მომცილდა — მე სიმშვიდე მომცილდა, მიწისქვეშა წყალივით სიყვარული ადიდდა. მე სიკვდილი მიყვარს და დაო, სიკვდილს ვერ ვტოვებ, ჩემი სული მიანდე სამუმებს და ნიავებს — ჩემი თავი — სკვერია, გასავლელი ბეტონის, კვლავ ჩონჩხიან ხეების ჯიბრს, რომ იფერიავებს. შენთვის „სხვაა“ ტაძარი, ხოლო ეს „მე“ — ლოდია, ქვიშის პარანოია — სუნთქვაა და დებოში, და მე არა მგონია, ჩემი ყრუ მელოდია სადმე უნდა წავიდეს — შავში, ულანდებოში. დაო, ჩონჩხის ქუჩებში, ნაბიჯებიც მემალვის, გაქრობასაც აქვს ფორმა, მითხრეს მამაოებმა; სადღაც ფუძის ნიავში ყვავილს დაყრის ტყემალი — სადაც დუმილს თავს ესხმის ბნელი ამაოება. საკუთარი თავი — დღეს; მარადიულს ვუმრავლე — რტოებს და შევეგუე მერე მე ამ რტოობას, ახლა ვემუსიკები გიჟის სიიდუმალეს — სადაც განცდა ცოდნაა და ცოდნაც — მარტოობა. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი