რაღაცას ნიშნავს


კლავ შეტევები, სიმარტოვე, გოია, ჰაქსლი,
უსასრულობამ აქ დაიდო ფეხქვეშ გაზონი.
სულო, გამოდი, ამ სხეულში უბრალოდ დაგსვრი,
შეწყვიტე ფრენა უმეტყველო დიაპაზონით.

სადაც არა სწამთ, იქ წავიდეთ ქარებით აზიზ,
დრო დავახარჯოთ დასახარჯი, პასტებს ნაკლები.
„რა პოეზია... კალმის წვერზე მკიდია აზრი“,
დოსტოევსკები, პუშკინები, პასტერნაკები.

მე ვიყავ შივა და მიყვარდნენ ადრე სატები,
მე ვიყავ ოშო, ვიყავ ბუდა და ვიყავ კრიშნა,
და ჩემი ფრთები — უმეტყველო ადრესატები,
დაჟანგულიც კი მიქაელის რაღაცას ნიშნავს!

სული სარკეა, სისუფთავე ღვთისმოსავია,
ღმერთის არყოფნის ფარულ სინდისს კითხულობს სარტრი.
მე შევქმნი პირჯვარს, სარწმუნოს და არ მოსავლიანს,
ყველა პასუხი ბოლოს შემჭამს, ვით კუბოს მატლი.

მე ვარ შეკითხვა, უწერტილო, მე ვარ აბსურდი,
ადამიანის გაწყვეტილი ჭიპლარი ღმერთთან.
სამყარო ისევ კითხვად დარჩა და მე დავსრულდი,
და ღმერთის ჩრდილში პოეზიამ დაიწყო ცვეთა.

სული და ხორცი განქორწინდნენ საზღვრის შედეგად
და მსურს, სიკვდილი ერთადერთი ბალანსზე დამრჩეს.
მე ვარ აბსურდი და ამიტომ არა მაქვს გეგმა,
კაცობრიობის ხმაურს ვცდები და ვუსმენ ყანჩელს.

ყველას ასლი აქვს, სასაფლაო ზის მუსიკაში,
მაგრამ მხატვარი თავის მხარზე დახატულია!
როგორ ამემღვრა, მეგობარო, მზის მუსი კანში,
მკვდარი ქალაქი იცინის და ხალხის გული აქვს.

და ეკლესია მსუქანია — ეს არი ლორწო,
დიდი რწმენების ჩრდილში ვრჩებით ბოლოს რწყილებად.
მე უღმერთობა თვითონ ღმერთში მიყვარს და მომწონს,
ამ ეპოქაში ვერ გამიგებთ, ნუ გეწყინებათ!

ნუ გეწყინებათ, რომ ამომგლეჯთ ენას გვამიდან,
თქვენ დამასრულეთ, მაგრამ კითხვად მაინც აქვე ვარ.
მე დავბრუნდები და ხელახლა ენას ავიდგამ!
მე მკრთალი რასის უჩვეულო მოქალაქე ვარ!

სადაც არა სწამთ, იქ წავიდეთ ქარებით აზიზ,
მთელი სამყაროს სიჩუმეში მარტო დგას ყანჩა —
ის სიჩუმეა, ის ღმერთია და ჩემში არ ზის,
მე ის საეჭვო კაცი მქვია — მარტო რომ დარჩა!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2021 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი