რატომ ის?
მთელი სხეული დამაქვს ნისიად — ომებით, სიბრძნით, დროით, ნაღარით, და თითქოს ჩემი სულიც სხვისია — დალეული და ნაყაჩაღარი. სულო, სხეული შემოიარე; იქ, სადღაც, სარკემ — ჩრდილი არწყია. ომი მშვიდობით შემოილია — რა სიშიშვლეა, რა სისაწყლეა! ჩრდილია მხოლოდ სიღრმის არშინი; დრო და სიკვდილი არის მოტივი. თავისუფლება მოდის ბავშვივით, საკუთარ თავთან — ნედლი ტოტივით. სულო, გამიშვი ამ ღრმა ძილიდან — ხვალის გვამი ვარ, სიმყრალის ჯვარცმა; კბილივით მოწყდა ჩემი ღრძილიდან და ბალიშის ქვეშ შევარდა, რაც მაქვს! ნაბიჯი დარჩა ხვალ — დაღლილი და, ვინ მელოდება იქ და რატომ ის?! სულო, ამოხტი შენი ჩრდილიდან და გააკეთე ღმერთში ნახტომი! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2010 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი