სიმყრალის სურნელი


ყარს არსებობა, მოსულ ყვავილად,
რას ჰგავს ბუტკო და მოჭრილი ყელი.
„არავინ მყავს და არავის ვყავარ,“
მხოლოდ — ეს მყრალი ნაგავსაყრელი...

არასდროს მყავდით, მსურდა მყოლოდით,
გადასაყრელი ნაგავი მქვია.
მე ვწყვეტ სამყაროს — ბოროტ ყვავილებს,
თუმც ბოროტება იცნობა გვიან.

ვარ ჯერაც მშვიდი და უვნებელი,
ჩემს ნაფუხერზე დაეცი, ბინდო!
თურმე ყოფილა შესაძლებელი —
ფეხსაცმელებით სამშობლო ზიდო...

დახეულ პირით, დახეულ ქუსლით
და იმ სიმყრალით, რომ ვარქმევთ სინდისს —
რადგან მე ამდენ წამებას ვუძლებ
და სხვების სურნელს ვისხამ ან ვყიდი.

დრო გავა, ვიცი, დავკარგავ სურნელს
და გემოებსაც ეცვლებათ ფერი,
მაგრამ თანწყობას ვიღაც აურევს —
ვიღაც მორიგი — პარფიუმერი.

ჰოდა, შეყვანა მინდა კათეტრის —
სხეულში, სადაც სული ჩარაზეს.
ყარს არსებობა — როგორც კატლეტი,
და ფიქრობს კაცი ღმერთის ჭამაზე.

ყარს არსებობა, როგორც ბუნკერი,
საკუთარ „მე“-ზე გული შესტკივა.
ფრთაო, მოქნევებს ნუ მოუკელი!
სუნო, გაშორდი ყნოსვის ფესტივალს!

ყარს არსებობა, როგორც ბაზარი,
პარფიუმერი მკვლელობებს იხდენს.
მძაფრი ყნოსვაა — რა შემზარავი,
სურნელი არ აქვს ნივთებს — და მივხვდი...

სიკვდილისაგან ბოროტ ყვავილებს —
თითქოს ვაზაში ეღვრებათ ყელი.
„არავინ მყავს და არავის ვყავარ,“
მხოლოდ — ეს მყრალი ნაგავსაყრელი...


მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2019 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი