შენც მოხუცდები


და შაქრიანი ჩაის კოვზი
ატკობობს პირსა და გულსაც.
კუროსავა და ჩაიკოვსკი
ბილწავენ შიშველ ლურსმას.

ცდა ბედს მიაწვა კუროსავით,
დრო კრედიტს იღებს საშიშს.
სისხლში დუღდება მუკუზანი,
ქუჩაში კიდევ ბავშვი!

ბოდვის ერთგვარი მელოდია
ანგრევს აწყობილ ლეგოს.
თუ დიდი გულით ელოდები,
მოდის პატარა ეგო!

ყარს არსებობა, ალიცინი,
ვაგროვებ ღამის ნახშირს.
კედელო, რატომ არ იცინი?
ნუთუ არ გინდა სახლში?!

მოუთმენელ და ნერვებაშლილ...
დუმილს გზადაგზა ვარწყევ
და ამ სიცრუის დერეფანში
სიტყვებს რა ვუყო — საწყლებს?

ბოდვის ერთგვარმა მელოდიამ
დაინახშირა კალთა
და წუთი წუთზე მელოდება,
უსახლო სახლის კართან.

ცნობისმოყვარე მეზობელო,
ჭორს დაავიწყდი კედლად;
როგორ აივსო ეზო ბლებით
და დაიღვარა დედა...

ხელმოკლედაა პოეზია —
მამის ჭაღარა თმები.
დე, პანაშვიდი რომელზეა?
„იქიდან აქეთ თბება.“

შეუძლო გული მამაჩემის,
უძლურად ვუცქერ სურათს.
დუმილი არის — დანარჩენი
ხშირად ვერ ვიგებთ სულაც...

შვილები — განცდებს მამებისა,
სიტყვებს რა ვუყო — საწყლებს?
„მიყვარხარ“ მეთქი, არ მეღირსა...
მოხუცი ისე დაწვა!

სირცხვილი მტკეპნის, გადამიარს,
ყელს გაუჩნდება ძარღვი!
რა ჯანდაბა სჭირს ადამიანს,
როცა სითბოს გრძნობს ძაღლიც!

კბილები უნდა აჭირო ბევრს,
გრდემლზე მთვრალი წევს ლორკა;
როდესაც დედის ნაჭრილობევს
ძაღლი უმწეოდ ლოკავს!

ფსკერზე დავეშვი დროსტარების
და მეწურება განცდა.
თავში გახსნილი პორტალები
მამაჩემივით გაცდა...

მიწას, ვაცრუე იმედები,
როცა არ ვიყავ გვერდით.
ახლა მთლიანად მიმეტებენ...
მამის საფლავთან დედის...

მწარე ცრემლი და პატიება,
რომ ატკბობს გულსაც მიწის.
კადრები ისე მატირებენ —
სირცხვილისაგან ვიწვი!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2021 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი