რანი ვართ, თუ არა ქარები


ღამეა, დაყრილი ფოთლები,
სიცოცხლე აგდია ქვასავით.
დუმილი დალიეს ბოთლებმა —
დამოკიდებულებანასვამი.

ჭორები დადიან შორი-შორს,
მე ყველა გამვლელის სახე ვარ.
ამაყი ვდგავარ და ვიშორებ
საკუთარი „მე“-ების ნახევარს.

ვიღვიძებ და ვკერავ კოშმარებს,
ცა თოკზე კვლავ კისერს მოჭიმავს.
სიმართლე ოდესღაც მოშალეს —
ბავშვის საყვარელი თოჯინა.

ჩემს ფეხზე კოსმოსი ვიბრირებს,
ტკივილებს სარკეებს მიუტანს.
გიჟებს და ქაჯებსაც ვიბირებ
და ღმერთს ვემალები ჯიუტად!

სიმართლის ის ბოლო ნამცეცი
მოჰყვება ჩემს ფეხმრუდ ქარავანს
და თვალებს შიშნარევს აცეცებს —
რომ ხვდება: არავინ არა ვარ.

სიმშვიდეს წყალივით მოგიტან —
იარე, სანამდი ძალა გაქვს!
დავტოვებ ცარიელ ლოგინთან
შეშლილი ფიქრების ბალაგანს.

ზნეობის უჩვევი ჩვევებით
ვსესხულობ ღმერთისგან ინსულინს.
ვიხრჩობი ტკივილის ჩვენებით —
საკუთარ ჩრდილამდე მისული.

„სიმართლე საბანს ჰგავს, ფეხს ჭიმავს,
არ გწვდება ყოველთვის, ღრიალებ!“
ტალღების ნასროლი კენჭივით,
სანამდი ძალა გაქვს — იარე!

უყურე სიმართლეს განივად —
დროის წარმავლობის ქანებით.
ქვიშაა უხმო — და რანი ვართ?
რანი ვართ, თუ არა ქარები!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2022 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი