სიჩუმის სიუკვდავე
ბეტონის ძარღვზე ვწევარ ნარინდი, ჩუმად ქრებიან ეფემერები. მგონია, ცისკენ გზები არ მიდის, მგონია, მიწას ვერ ვეფერები. დავცალე „სუნთქვა“ — ერთი კოლოფი, და ვიყურები სულის სოროდან. როგორ მინდოდა, გვერდში მყოლოდი, ან ვინმე ახლოს მაინც მყოლოდა. ახლა სიკვდილსაც აღარ ვახსოვარ, ქარმა წაიღო სველი ნოტები. წვიმამ ცრემლების ლოცვა დაქსოვა ჩახრჩობილ ცათა გაბოროტებით. სასწაულების შიგნით ვტრიალებ, ჩუმი ტკივილით ყველა მტკიოდა. სადღაც ლაჟვარდში მზე მეტკინა მე და დამალული ჩრდილი კიოდა! მე ვარსებობდი უხმო წუთებით და მივსტიროდი მყვირალა წამებს. სიჩუმე მიწას როგორ უხდება — ან ატირებულ ბალახებს მწვანე! ცას ჩამოსცვივდა მკვდარი ფარფლები, დრო თავის ძარღვებს ნელ-ნელა იხსნის. დრო არის — მიწამ გახსნას აფრები და ამოუშვას ფსკერიდან სისხლი! „ჯერ ადრეაო“, — მითხრეს ვენებმა. რა მოვუხერხო გრძნობას გავეშილს? მხოლოდ სიჩუმე და მოსვენება მამყოფებს ასეთ სიუკვდავეში! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2017 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი