თავისუფლების ყელზე ჩამოკიდებული ჯოჯოხეთი


ძაღლის სახელურის წკრიალი უხდება შენს ყელს - ტუტუცო გოგო! თავისუფლებას ხომ თავისი საყელური აქვს.

და შენ დადიხარ, თითქოს ჯოჯოხეთმა ქუსლებზე ჩაიცვა ცა.

შენ ცას ფეხსაცმლის ქუსლით თელავ.

ჯოჯოხეთი ქვემოდან აღარ მოდის. ის ადამიანში ავიდა.

შენ დგახარ ცარიელ ცის ქვეშ. ანგელოზების გვამები თეთრ ყვავილებად ყრია შენს ირგვლივ.

შენი სიცილი - აკრძალული კარის გასაღებია.

ნუ მეკითხები, რატომ გიყურებ ასე - ზოგიერთ ცოდვას სახელი მხოლოდ მაშინ უჩნდება, როცა მას ვეხებით.

შენ ამბობ: „თავისუფალი ვარ.“

საყელური უფრო მჭიდროდ მოგირგია, ვიდრე ყველა წესი, რომელიც ოდესმე დაგირღვევია.

და ღამე შენს მხრებზე ნელა იშლება - არა როგორც ტანსაცმელი, არამედ როგორც დანაშაული, რომელიც ორივეს გვინდა.

მოუხდებოდა შენს ძუძუს ერთი პატარა რკინის ცოდვა - და შენს უმანკო ტუჩებს ჩრდილის შავი ნიშანი.

შენი სუნთქვა ჩემს სიჩუმეს ეხება - ამ წამს თავისუფლებაც კი მუხლებზე ეშვება და საკუთარ საყელურს კოცნის.

მე შენს ყელს არ ვუყურებ - მე ვუყურებ იმ წამს, როცა ადამიანი საკუთარ ჯაჭვს სამკაულად მიიჩნევს.

მოდი, ნუ ვითამაშებთ ანგელოზებს - ფრთები მხოლოდ მაშინ გვჭირდება, როცა ცოდვის სიმაღლე ძალიან დიდია.

შენ ისევ იცინი. რა სასტიკად ლამაზია ეს სიცილი - როგორც ყვავილი, რომელმაც სისხლში გადაწყვიტა აყვავება.

მე ისევ მესმის საყელურის წკრიალი.

და უცებ ვხვდები:

ჯოჯოხეთი ქვემოთ კი არ არის - ზოგჯერ ის ქალის ყელზე ჩამოკიდებული პატარა რკინის ხმაა.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი