დაკარგვის შემდეგ დაბადებული
თოვლია, ცისკენ გზები არ მიდის, მწყემსის გარეშე რაა ცხოვარი. ცვალებადი ვარ, როგორც ამინდი, და თუ შემომხვდი, ვით მაცხოვარი... გზაზე უბრალოდ ხელი გამიშვი! ოთახში ვიღაც დადის ჩემოდნით. ღრმა თეთრ ძილს აძლევს თოვლი ქალიშვილს და მსურდა, დიდხანს შემოგრჩენოდი... სულზე, თვალებში და ლამაზ ხმაში, რას მკითხავს თოვლი, მართლა არ ვიცი. ის მოვა, როგორც პატარა ბავშვი და ფეხს აიდგამს, ალბათ, თავისით. მე დავინახე ცის გარდატეხა, როგორც ფეხმძიმე ქალის მუცელი. თოვლმა ქუჩაზე გზა გადატეხა და ენძელების წყება მოცელა. სული მარტოსულ ლეკვივით დაწვა და თოვლი ედო მხოლოდ ბალიშად. იქ წავალ, სადაც არაფრის არ სწამთ, და ხელი, ხელი აღარ გამიშვა! იცი, მიჯნურო? დაგკარგო მინდა, „და სხვანაირი გიპოვნო მერე“, და როგორც თოვლში დარჩენილ წმინდას, ლამის სიზმრიდან მოგხვიო ხელი. მდუმარე საყდარს ნელა ჩავუვლი და იქ, შენს კვალზე, დაგიკრეფ ყვავილს. თვალებში ჩადგა ლურჯი ხმაური და ჩემს სიჩუმეს დაეცა ყვავი. და მეტაფორად აფეთქდა მთვარე, დადგა საღამოს შვიდი საათი. ღმერთო, შემინდე და შემიწყნარე ამ გაძარცვული სიმშვიდისათვის. სულის ნაფიფქში აინთო ხომლი, სიზმრებს ქვეშ უდევს ყოველთვის დენთი. და როგორც სული და როგორც თოვლი, დუმილმა კაცში იპოვა ღმერთი. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი