სარკემ სახე ვერ მიცნო
სარკემ სახე ვერ მიცნო, დაიმსხვრა — შვიდი ათას მხარედ, თითო ნატეხში — სხვა ცხოვრება, თითო ცხოვრებაში — სხვა მე. და ამ ქაოსს შუა, უცებ, საათებმა დაკარგეს ისარი, დრო დარჩა ხელების გარეშე, როგორც ჯვარი — მაცხოვრის გარეშე. მე გავიარე საკუთარ თავში, დანით გავლილმა, როგორც ჭრილობამ — და, როგორც კბილებს, გემო აქვს სისხლის — მე სულში დამრჩა ჩაღეჭილობა. მე ამოვედი საიქიოდან — დამპალ ხორციდან, ციდან და ძვლიდან — კედლიდან ჩუმად ხმები ცვიოდა, როგორც ბათქაში — ძველი ტაძრიდან. და მაგიდაზე დამრჩა ბავშვობა — ხელუხლებელი, შავი პურივით, მიცვალებულის უცხო სუფრაზე. ავიღე ხელში და ჩამომეფშვნა. ო, მოდის დრამი, ჭამა ჩქამმა ხე! კანს ვიცვლი ახლა და განა ვიძრობ. ჩემი ბავშვობა ცოცხლად ჩავმარხე, მიწას ვუთხარი: „არ გააღვიძო!“ სიკვდილმა მშობა, მერე გამახმო და ისევ ახალ სიკვდილებს მივდევ. ზოგი დრო უნდა წაღმა დამარხო, მისგან სიცოცხლე რომ ამოვიდეს! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი