ნული


ამ ლექსის სხეულში ნული სცემს
და ნაშთი უფეთქავს მუდმივას.
გიკითხავ ჯოისის „ულისეს“
და მერე მივდივარ მუდმივად;

მივდივარ მე ტაშის დერეფნით,
მე ნულებს ნაშთივით ვიცნობდი.
მივდივარ სრულ ბედნიერებით,
რომ მოცულობა ვიცოდე.

და ვიყოთ მდუმარედ სამთავე,
კანში გავიყინავ მელანინს.
ცვლადებს და ფუნქციებს ვამთავრებ
და გარეთ გავდივართ ყველანი.

რიცხვებს მიტოვებულს ვგუშაგობთ,
სიგრძეს გაიზომავს სიგანე.
გთხოვ, ნული მომართვი უშაქროდ,
ნული შევუხამოთ სიგარეტს.

მოვრჩეთ, დავივიწყოთ წყენები,
მჯერა, როგორიც ვარ, ამიტან.
ვიყოთ ერთად შესარცხვენები,
მე ჩავეჭიდები ამითაც...

ჰო, ჩვენს ფუნქციაში სიახლეს,
ნულის მიტოვებულ ავტორებს...
ყველა განტოლებას მივახლი,
სადაც ჩემი თავი დავტოვე.

მოდიან, მოდიან ქორდები,
ქარები ქრიან და მათბობენ.
ხანდახან მეც ასე ვქროლდები
და მედიანას ფართობებს...

მე დავაბრალებ მცდარობას,
ლოგარითმს ამ ნულზე გაყოფილს.
სადღაც გადარჩენილ მყვარებელს
დარჩა დრო ერთი დღის სამყოფი...

ახლაც გეუბნები, წინათაც...
ვამბობდი, მივენდოთ გამოთვლებს.
გარეთ ინტიმია წვიმათა,
რითიც შესაძლოა, გამოვთვრეთ!


მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი