ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ?


რა ლამაზია და მარტოსული
გვირილა მინდვრის.
არვუყვარვარს და ვუყვარვარს ითვლის.
თითქოს ჩრდილი აქვს ყუნწს ამოსული,
ფოთოლაკებში იმტვრევა ბინდი,
და განთიადი აკავებს — თითქმის!

იქ, სადღაც ფანჯრებში, ერთმანეთის თავზე,
ათასი ცხოვრება ანთია.
ვიღაცა მიდის სამსახურში —
რვა საათია.
ვიღაცამ ღამე კვლავ გაათია.

ბილბორდი ცას ეფარება:
„იყიდე ბედნიერება,
აიღე განვადებით,
გადაიხადე მომავალში.“

მაღალსართულიან სახლებს შორის
ცა პატარა გახდა.
მაგრამ იმ პატარა ცაში
ერთი ჩიტი მაინც დაფრინავს,
თითქოს ქალაქმა
ჯერ ბოლომდე ვერ მოასწრო
მისი დაპატიმრება.

და სადღაც,
ავტობანის ხმაურს მიღმა,
ბორდიურთან ამოსული,
ტირის — გვირილა.

არავინ ეკითხება:

ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ?

ქალაქს ამისთვის დრო არ აქვს.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი