ბორხესის ლაბირინთში
ბოლოს საკუთარ არსებობას მე დავიბრალებ, ამ არჩეულმა ლაბირინთმა დამწვა სრულიად. ნუ დაწერ, ბორხეს. თავისი აქვს სიტყვას სიბრმავე — შენ რაც უნდა თქვა, თქმისთანავე აქ წარსულია. ფუძის სიჩუმე სულს შეეხო, სული დალანდა და არყოფნიდან კვლავ გრძელდება — რაღაც ნიავი. ჩემი არყოფნის სარკეებში ვხედავ არადანს, და ლაბირინთი მხოლოდ ჩემი არჩევანია. მე შეუმჩნეველ წერტილივით მოვგავარ ალეფს, სარკეში ჩრდილი თითქოს ღმერთთან განტოლებულა. ჩემს თავთან ვიცი — მე ვიქნები უთუოდ მალე ცარიელი, და საბოლოოდ დატოვებული. წარმოსახვაში ვეფხვი მოდის ისევ — ზოლებით. მას სახელს ვარქმევ, ეს სახელი ვეფხვმა დამარქვა. ჩემს სიჩუმეში ჩუმად ყვირის ყველა ცხოველი, სანამ ამ ყვირილს ინსტინქტურად ჩემში ვაქვავებ. სანამ სიჩუმე გამტეხავდეს, მსურს, ღამემ მკორტნოს, რაც ვერ ვთქვი ახლა, სიჩუმეში უნდა დაირგოს. მე აღსასრულის მეშინია, დღეს იმიტომ, რომ სხვაში გავგრძელდე და ვის ვცხოვრობ, ვეღარ გავიგო. მე ჩემს არყოფნას ლაბირინთში ძლივსღა მივათრევ, მხრებით მივათრევ, როგორც წარსულს — ახლა ნამს სკნელით. თვალებიდან კი გაირიყა ბნელი სინათლე და ხედვის ფორმა გახდა უკვე უკანასკნელი. ამ უკანასკნელ სიჩუმესაც როგორმე მოვხევ, ნეტა ვიცოდე — ეს სიჩუმე შემდეგ რას იზამს. ბორხესის წიგნში მე ბორხესი მიკითხავს ბორხესს, და ვგავარ ახლა ამ წაკითხვის მეორე სიზმარს. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი