მელოგინე


გაღიმებული გული მტკივა,
წვიმის მიტოვებულ დეფისებით.
პოეზიაში ტურისტი ვარ,
გზააბნეულობას გეფიცები!

ვუსმენ შოპენებს და ბოროდინებს,
წლებმა პოეზიას მიმათოვეს.
წერა - მეძავია მომლოდინე,
როცა მომინდება მივატოვებ!

ვიცი ხელმეორედ მიგიზიდავ
მაგრამ ვეღარ მივალ სისრულემდე.
მოდი, ამ დამპალი სიგიჟიდან
შევქმნათ უჩვეულო სისულელე!

მთელი დედამიწის ხედი მომწონს,
მაგრამ ჯდომა მიყვარს ზურგშექცევით.
თუნდაც მაჯისცემა შემიმოწმო;
არის უწინდელზე უკეთესი!

განცდა ბუნებისა მომესია,
მკვდრების გაჩუმებაც ანბანია.
მთელი დაწერილი პოეზია
ჩვენი გასაყოფი საბანია!

აწვიმთ ლექსებს საქართველოები,
ნამავს დანაკლისი გეორგინებს.
დანგრეულ ტაძარში გელოდები
შენი სიყვარულის მელოგინე!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი