ჩარჩენილი ყვირილები


მე ქალაქის შიგნით ვზივარ — ატომივით,
და ძარღვებში მიგორავენ ქუჩის ხმები.
ამ ასფალტის მდინარეში ბატონი ვარ
და მუცელში მიკაშკაშებს შუქნიშნები.

სიზმარი კბენს არეულად ცათამბჯენებს
და უგონო მილიონი „აჰ!“ ამოდის —
დაიყვირეს და ყურებმა დაიჭირეს
სიღრმის ხორხში გაჩხერილი ბაგამოლი.

ლიფტი ახლა აქ შვეული საფლავია,
ხალხი კვდება ზევით-ქვევით სართულებით.
მერე ისევ გამოდიან, მზად არიან —
კვლავ თავიანთ სიკვდილებში ჩაფლულები.

აქ ყვითელი პლანეტაა მანდარინი —
ჩაკეცილი ზღვებითა და ყირიმებით.
გულისცემას ვიჭერ სისხლში — რადარივით,
ყელში უხმოდ მიგორავენ ყვირილები!

სისხლის ბოლოს, რა ხანია, გელოდები,
ძარღვებიდან ყვირილს გულის უჯრაში ვდებ.
დემონურად, სისხლის გზებზე — მიმოდიან —
მანქანების სისხლისფერი უჯრედები.

შეგიძლია — ვიცი, ქალაქს დაამთავრებ,
როგორც ყვირილს, სამუდამოდ პაუზიანს.
ჩემი ჩრდილი მოიგონებს ახალ მთვარეს,
ვაკუუმი, სადაც ეზოს — აუზია.

თვითნებურად ჩრჩილებს ნათელს ვუზიანებ,
მკითხველებმა კუბო ბევრჯერ მომაზომეს.
ვამბობ: კუბო გაასწორებს კუზიანებს,
რაც ცხოვრებამ ვერასდროს გაასწორა...

ვარ კუზის ქვეშ ჩარჩენილი მოაზროვნე!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი