მზეო, მოსავლის!
შენ თუ მეფე ხარ, ვარ მოციქული, სულს ვამოძრავებ ამ ცირკულ არსში. ცის სისტემაში ვარ მოქცეული და ვიძებნები მზის ცირკულარში. რასაც დამსხვრეულ შვებაში ვრიყავ, სიჩუმეს ვანდობ და არა ანშლაგს. რა ვქნა, მე მხოლოდ სიკვდილი მიყვარს, ვით უკანასკნელ ყვავილის გაშლა! ვეტრფი მტაცებლურ მიღმიერ თვალებს, საკუთარ კუდებს დასდევენ დრონი. დროის დამსხვრეულ სახეს ჭამს მთვარე, სადაც ვერ მოკვდა გალაკტიონი! მზე უშობელი სადღაც ბარბალებს, მთვარე მიწაზე მიქელანჯელობს. მოვჭიმავ ნერვებს, როგორც არბალეტს, და ჩამოვაგდებ ჩრდილის ანგელოზს. კვლავ დაეძებენ ქარში თვალები ბრმა სამყაროში გაბნეულ ბგერებს. პოეტი ფასობს იდუმალებით, ჰო, გალაკტიონ, სიკვდილის მერეც. სიჩუმეს ვტოვებ ბოლოჯერ მიზნად, მიწა ჩაიწერს ჩემს ბოლო კადრილს. ვინ წაიკითხავს ჩემს ნამარხ სიზმარს — თუ მიწა გულში იპოვნის ადგილს?! ჩვენ, სიგიჟეში, გადავხტით ორნი, ერთად მოვკვდით და ახლა ვხვდები, რომ — ნამდვილად არ ვარ გალაკტიონი, რომ სიკვდილს ფასი დავადებინო! მე უნდა სიკვდილს სიცოცხლე ვამცნო — დრო რომ ვერ აღწევს, იქაც გიყვარდე; მზე ამოვიდეს და, როგორც მაცნე, — ნეონის სისხლში ამოპირქვავდეს! გავიხლიჩები ნაღდი მგოსანი, რომელმაც მთვარე ჩრდილით მოსვარა. მზეო, მოსავლის! მზეო, მოსავლის! თიბათვის მზიდან იღებ მოსავალს! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი