სიტყვების შეჯახება


ქარმა ტირილი ჩამარხა ქვაში,
და ქვამ სიჩუმეს დაუდო — ზღვარი.
ზარმა დარეკა საკუთარ თავში
და შეაშინა თავის ხმა — ზარით.

ფანჯრიდან უხმოდ მოვიდა ქარი,
მერე ძირს დადო დაღლილი კარი,
კარმა იკითხა: გზა, სად გავაღო?
ქარმა მიუგო: იქ, სადაც ვკარი!

და სადღაც კუთხემ კუთხე მოიჭრა,
კუთხემ დაკარგა თავისი კუთხე,
ოთახი მრგვალი გახდა და უცებ
მრგვალმა ოთახმა იპოვა — კუთხე.

კიბემ არია თავისი თავი,
ზემოთ ჩავიდა, ქვემოთ კი — მაღლა,
საფეხურს ფეხი ფეხზე დაეცა,
გზა დარჩა ბოლოს გზის მიღმა — გზადაც.

მერე გამოჩნდა უძილო თევზი,
მას ჩადებული ჰქონდა ზღვა პირში,
ყვიროდა თევზი: წყალი მწყურია!
წყალს კი არ სურდა დაეხრჩო თევზი.

ბოლოს სიჩუმემ სიტყვა ჩაყლაპა,
ბგერამ დაუწყო თავის თავს ძებნა,
მე ამ ლექსს ვწერდი, როცა კალამმა
მითხრა: „შენ ვინღა ხარ, მე რომ გწერ?“ — 

და გაჩერდა.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი