ჩემი ჩრდილი Wi-Fi-ს ეძებს
სიღარიბესაც ვუღიმი ურჩად და კბილებით ვხევ სიჩუმეს ასე. დაღლილ ფეხსაცმელს ჩაყლაპავს ქუჩა, ტაქსის შუშაზე წვიმა წერს ფასებს. ვიტრინის შუქი ათბობს ღარიბსაც, ხელში კი მხოლოდ ჟღერაა ხურდის. ჩემზე წინ ჩემი ჩრდილი გაიქცა — საკუთარ თავში შესული ქურდი! სიჩუმე ჩადის ქვემოთ საყურით, მეტროში სუნთქავს ჩრდილების ხორო. ზოგს სახლში ელის კვლავ სიყვარული, Wi-Fi აქვს ზოგს სახლში მხოლოდ. საკუთარ თავში ვცოცავ მწერივით, ყარს პოეზია, როგორც — ვაგზალი. ვიღაცას ჩუმად დაუწერია — მიყვარხარ — მაგრამ არსად აგზავნის. არმითქმულისთვის სურდა ეკოცნა, ამოიზარდა სიტყვებში თიხა. აქ სილამაზე უდუღს ბეტონსაც, თუკი უყურებ ძალიან დიდხანს. ჭრილობებიდან ვიპარავ ფერებს, ქუჩას ვაზავებ სისხლში შერევით. ბოლოს ჯიბეში ჩავიწყობ ხელებს და ხალხის ნაკადს კვლავ შევერევი. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი