დავკრეფ კაშკაშა წითელ ოქროებს


უდაბნო ეპყრა სიკვდილს და დუმილს,
შიში მოჰქონდა ღამეს ჩვენკენაც.
შორიშორს ენთო თითო სანთელი
და ირგვლივ უფრო ბნელი გვეჩვენა.

ლურჯი ყვავილი ეცემა ნილოსს,
ცდილობს, სინაზე იქცეს ერთ ელვად.
ცის სილაჟვარდე მსურს მიისილოს,
თუ მოსულები მხოლოდ ერთხელ ვართ.

თეთრი ყვავები თუ არ მოქრიან
და არაფერი არ ისმის ღვთისგან,
დავკრეფ კაშკაშა წითელ ოქროებს
და დიადემას მოგიქსოვ მისგან,

რომ ერთმანეთით ვიყოთ მთვრალები,
საყოველთაოდ და თან საჩვენოდ.
მთვარეებს ჰგვანან შენი თვალები,
რომლებიც გინდა მზედ მომაჩვენო.

ვხედავ თითებით და ვაფერადებ
მზეს, შიშველსა და ლამაზ ინფანტას.
ცას გადავცურავ ეფემერამდე
და სულს სიღრმეში სადღაც მივფანტავ.

და მერე, როცა წამოგეწევა
მზერა პოეტის, ცრემლებს დავიდებ,
და მერე წვიმებს ვიხმარ ზეწრებად,
რომ ქაოსიდან გზებზე გავიდეთ!

თეთრი ყვავები თუ არ მოქრიან
და არაფერი არ ისმის ღვთისგან,
დავკრეფ კაშკაშა წითელ ოქროებს
და დიადემას მოგიქსოვ მისგან!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი