შემთხვევითობის დიადური ჟინი


სამყარო შემთხვევით არ შეცდა —
მე შევცდი მის მაგივრად.
და იმ შეცდომიდან
თავისუფლება ამოვგლიჯე.

ვარსკვლავები ცაზე ლურსმნებივითაა ჩაჭედილი.
მე კი ის ჟანგი ვარ,
რომელიც მათ ამოძრავებს.

ბედს ნუ დამიძახებ.
ბედი ზედმეტად პატარა სიტყვაა ჩემთვის.
მე შემთხვევითობის შავი ფრჩხილი ვარ,
რომელიც სამყაროს ოქროსფერს
სახიდან ფხაჭნის.

კანონი — ჩონჩხია.
დრო — მისი ხერხემალი.
სიცოცხლე — ხორცი,
რომელიც ამ ძვლებს ყოველდღე
პირიდან აფურთხებს.

მე კი სისხლში ჩავარდნილი
პატარა, აუტანელი ქვა ვარ —
ისეთი პატარა,
რომელმაც მთელ სხეულს
ტკივილი ყელში ჩაასხა
და აიძულა, გადაეყლაპა,
მერე სისხლი აურია,
როგორც ღმერთის მიერ დაღვრილი
ძველი ღვინო.

ერთი უმიზეზო ცრემლი
კოსმოსის ყელში გაიჩხირა
და მილიარდი ვარსკვლავი
ერთდროულად ახველდა.

ნუ მთხოვ წესრიგს —
მე მისი კანონიერი მემკვიდრე კი არა,
მისი უკანონო შვილი ვარ.

არც ღმერთის გეგმა ვარ.
არც შემთხვევის შეცდომა.

მე ვარ წამი,
როცა შემთხვევითობამ
სარკეში ჩაიხედა,

დაინახა ადამიანი,
სარკე დაამტვრია
და ნამსხვრევებით
სამყარო დაკაწრა.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი