ღმერთო შე, მაგარო!
ღმერთო შე, მაგარო, ზემოთ რომ ზიხარ პატარა ასოთი და უყურებ სამყაროს დიდი ჭოგრიტით— აქ ყველაფერი რიგზეა, თუ „რიგზეა“-ს ეძახი იმას, რომ მშიერი კაცი მდიდრის ფანჯარას ღამე უფასოდ ანათებს. რა კომფორტია, არა? შენ ზემოთ — სამოთხის ხედით, ჩვენ ქვემოთ — ქირის ქვითრებით. მე ქუჩაში გავიზარდე, ღმერთო, სადაც სინდისს პარკინგის ფასი აქვს, სიყვარულს — სამუშაო საათები, ხოლო კაცს — ფასდაკლება, თუ დროზე გაიყიდა. აქ ყველა რაღაცას თამაშობს: ერთი — კეთილს, მეორე — ძლიერს, მესამე — მორწმუნეს, მეოთხე — წარმატებულს. როცა ტელეფონები სახეებს აღარ ანათებს, კაცი თავის ნამდვილ სახეს ბალიშში მალავს. შენ კი ზემოდან უყურებ. ძალიან კარგი ადგილი აგირჩევია. იქიდან ალბათ არც სუნი ამოდის, არც ქირის გადახდა გიწევს, არც ვინმე გეკითხება: ხვალ რას ჭამ? არ ვიცი, რას ელოდები. აპოკალიფსს? ბოდიში, ღმერთო, მაგრამ ხალხი უკვე დიდი ხანია პატარა აპოკალიფსებით ცხოვრობს. ალბათ იმას ელოდები, რომ ერთხელ მაინც ვიღაცამ ცას კი არ შეხედოს, არამედ ზემოთ აგაფურთხოს და გითხრას: ღმერთო შე, მაგარო! ჩამოდი! აქედან ვერაფერი გესმის. და თუ მართლა ჩამოხვალ— ფეხსაცმელი ჩაიცვი. ქალაქი ტალახიანია. და ჩვენც. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი