ანტიკლიმაქსი
მე მიწაში ვრგავ გონებას ნელა, დასასრულს ვეძებ საწყისის დაღვრით. მზე, ხორცში, გახრწნის ავადმყოფ მელანს, რომ დროს გაუხსნას გიჟურად ძარღვი. მზის გვამს ჩავაცვამ მიწაზე ვულკანს, ექოში ენას იკვნეტს მზეპირა. მკვდარი მზე თავის ქალაში უკრავს — ჯოჯოხეთს კოცნის შუბლზე ზეპირად. მე, როცა ბოლო სიტყვამდე მივალ, ჩემი დუმილი დაიწყებს ყვირილს. დაბადებიდან მე ჩრდილზე წინ ვარ და ჩრდილზე ადრე ვარ ამოჭრილი! მე ლექსს აღარ ვწერ — ვაფურთხებ ქაღალდს, თეთრზე სისხლიან ციკლად ვგროვდები. საკუთარ თავზე მივათრევ აღმართს, ჯოჯოხეთისკენ ზემოთ ვგორდები. მთელი სიჩუმე ჩრდილში გაკივის, ცას ყელს ვჭამ, ღმერთი მეძახის შეშლილს. მზეს ნერწყვით ვხატავ — მანიაკივით და მავთულს იკრავს მუნკის ცა ყელში. რაც შიგნით ხდება, სხვა არის რაღაც — რასაც დავჯღაბნი, გავლაქავ, დავსვრი. ცას სკამი ბევრჯერ გამოვაცალე და სათამაშოდ მიწაზე დავსვი! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი