ქვევრი


მიწაში ჩავმარხეთ —
და ღმერთმა იფიქრა,
კაცი დავკრძალეო.

არადა,
შიგ მხოლოდ ღვინო იდგა,
წითელი, როგორც ცოდვა,
რომელმაც სინანული ვერ მოასწრო.

ქვევრს პირი აქვს —
მაგრამ არაფერს ამბობს.
ალბათ ამიტომაც
იცის ღმერთზე მეტი.

ღამით, როცა სოფელს სძინავს,
მის სიღრმეში
ერთი პატარა ნოე
კიდევ აშენებს კიდობანს
და აბსურდული წვიმისგან
თაგვს გადაარჩენს.

დილას კი ამოვიღებთ საცობს —
და დავლევთ.

ვიტყვით:
ღმერთმა გაგვიმარჯოს.

ქვევრი ჩუმად იქნება.
იცის:
ღმერთსაც ზოგჯერ
ერთი ყლუპი სჭირდება.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი