მამა, შენც მოკვდები?
ღმერთს კბილები ჰქონდა, მე კი — პური. ამიტომ ღმერთი შევჭამე. ღრძილებიდან სისხლი წამოუვიდა. არ გავწმინდე. სუფრა ლამაზად გამოიყურებოდა. ქუჩამ სახლებს სისხლი ამოაღებინა. ფეხსაცმელი გავიხადე და ფეხშიშველი შევედი დედამიწის გახსნილ ჭრილობაში, რომ ფეხშიშველს უფრო კარგად ეგრძნო, როგორ მეზიზღებოდა სამშობლო. სარკეში კაცი იდგა. ყელი გამოვჭერი. სისხლი — არა. მხოლოდ სიცილი. მაშინ მუცელი გავუხსენი, ხელები შიგნით შევყავი — იქნებ ადამიანი დამრჩა. არავინ. მხოლოდ პატარა შავი ბავშვი ჩემს სისხლს იატაკიდან აგროვებდა, თითებს ილოკავდა, პირში იტენიდა და ისე იცინოდა, როგორც ღმერთი იცინის, როცა ადამიანი ლოცვას ამთავრებს. — მამა, შენც მოკვდები? — არა, ბიჭო. მე ჯერ ლექსი უნდა დავამთავრო. აი, პოეტი! ნამდვილი კაცი! ჯერ სხვებს ხოცავს სიტყვებით, მერე საკუთარ თავს უწერს დიდებას. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი