ღმერთო, შენი ზეცა რამდენი ლიტრია?


ერთი ბოკალი და იმდენი ფილოსოფია,
რომ სოკრატესაც გაუხარდებოდა
და მოკვდებოდა მეორედ.

ქაფი ამოდის პირიდან,
როგორც პატარა თეთრი ამბოხი.

ამიტომ ვსვამ.

ვაცლი სამყაროს ქაფს.

ვტოვებ ფსკერზე ნალექს.

და იქ, სადაც ყველა პასუხი
დალექილია,

ღმერთო —
მომიტანე ლუდი.

არა —
მომიტანე სიჩუმე.

ლუდს თვითონ ვიყიდი.

ჩემს პოეზიას კი
მთელი ცხოვრება
ქაფიანი ლუდი
მირჩევნია.

ღმერთო, შენი ზეცა რამდენი ლიტრია?

თუ დავცალე — მომაკვდავს დამასხამ სხვა ცას?

მე უკვე აღარ ვიცი, სად მთავრდება ლუდი, სად იწყება სისხლი, სად მთავრდება პოეზია და სად იწყება კაცი, რომელმაც საკუთარი თავი დიდხანს ატარა, როგორც ცარიელი ბოთლი.

მე ვხსნი თავსახურს.

ქაფი ამოდის.

მზე იძირება ქაფში, მთვარე — ფსკერზე რჩება, ხოლო ჩემი გონება გარბის ქუჩაში შიშველი, როგორც ღმერთის მიერ დავიწყებული წინასწარმეტყველი.

იქნებ პოეტი სწორედ ის გიჟია, ვინც სამყაროს ბოკალში ასხამს და მერე ეკითხება:

— რატომ ხარ ასეთი პატარა?

პასუხი არ მოდის.

მხოლოდ ბუშტები.

ერთი.

ორი.

ათასი.

და ყველა სკდება ისეთივე ხმით, როგორითაც ადამიანი ერთ დღეს საკუთარ ილუზიას ამტვრევს.

ამიტომ —
ნუ მომიტანთ დიდ სიტყვებს.

ნუ მომიტანთ გვირგვინებს.

ნუ დამიძახებთ გენიოსს.

მომიტანეთ ერთი ბოკალი.

ქაფიანი.

მე მასში მთელ სამყაროს ჩავასხამ,

ერთ ყლუპად დავლევ,

და თუ ღმერთი იქ დამხვდა —

მასაც დავუტოვებ ბოლო ყლუპს.

რადგან პოეზია, როგორც ცხოვრება, ალბათ სულ ეს არის:

ფსკერზე დარჩენილი მწარე ნალექი
და ზემოდან —
ლამაზი ქაფი.

მე კი ორივეს ვსვამ.

მე არ ვწერ ლექსებს —
მე ვხსნი ჭრილობებს,
სადაც სიტყვები
ლუდივით დუღან.

რატომ აქვს პოეტს ლამაზი ქაფი?
მითხარი, როცა დაუჭერ მუღამს!

ქალაქი ყელში გაიქაფა,
მთვრალს ვტოვებ კარებთან სინტაქსს.
ხმაური ისე გაიაფდა —
სიჩუმეს ხვრიტავს.

ლუდის ბოკალში მთვარეს ვწურავ,
მე ლუდი მიყვარს ქაფიანი.
ვარსკვლავებს ვაყრი მარილივით —
გონებას ვიმღვრევ, ვაფრიალებ!

იქნებ სიკვდილია — პახმელია
და ბარში გვიცდის ღმერთი...
ის ერთადერთი მეგობარი —
და ის სიჩუმე ჩემთვის!

მკითხველი — შენი სახელია,
შენთვის წარმოვადგენ — ჰუდინს.
ამ პოეზიის პახმელიას
შველის ერთადერთი ლუდი!


მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი