ყოვლიერება


სიჩუმეს უთხარი: მე მაინც გისმენ და,
მე მაინც ვარსკვლავებს მიწაში დავთესავ.
ჯოჯოხეთს ჩავწურავ ცის სისაზიზღრედან
და მერე ჭრილობას გავუხსნი სანთლებსაც.

გახსოვდეს, პოეტო — სიცოცხლე რა არის:
უფალის პირველ ცრემლს საფუძვლად რა უდევს.
უფალი დაადე სარკეთა სამარეს
და სიკვდილს შესძახე: Sapere aude!

რაც კვდება, სიცოცხლეს კვლავ ახალ კანს უხსნის —
არარა ზესთასვლას უმღერის რეკვიემს.
წიაღი საკუთარ ჭიპს იგლეჯს ნასუსხით,
და აბორტივით მზედ გამოვერკვიე!

ჩლიქები ამოსდის უფალს ცისკარიდან,
ჩრდილმა ამოაგდო მზე ბნელში ჩვილქვრივი.
დრო მუხლზე ჩამოჯდა და ღმერთის კანიდან —
ცა გამოიდინა არყოფნის ჩირქივით.

სიცოცხლე — რკალია, სიკვდილიც — რკალია,
და ჭიანჭველების ტრიალიც — წრიული.
რაც რჩება — არარას ფარული კვალია;

შხამო, შენ ხარბად ხარ მასში

შეწირული.

ნათელს თუკი სისხლი სჭირდება არსებად,
მნათობთა შობა ჯერ სიბნელემ იკისროს.
პირველი ხმა ექოდ აქ დაიხავსება
და დროა, მოსავლის მზე გადაირისოს!

მერე ფუძის სიო მიბიძგებს ზურგიდან
და უწერტილობას ვიტვირთავ ცის შფოთვით.
ცის გახეთქილი, დამწვარი ღრუბლიდან
ღმერთს გამოვათრევ საკეისროთი!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი