უწერტილობით თავიდან დაგწერ
ცა არ დახუჭო! ყური არ აღო! სამყაროს გიჭრი გრამად, რიკულად. თუ რუსთველი გკლავს უიარაღოდ, ცხოვრებას გიკლავ — გრამატიკულად. თუ სარკეს გიმტვრევს ჰესე შიგნიდან, ლაბირინთს გიდგამს ბორხესი — თვალში; დროს უშუალოდ ვგლეჯ ენიგმიდან, ღმერთიც რომ შეცდეს წამთაღრიცხვაში. შენ ვაჟა გესვრის მთელ კავკასიას, ღმერთის არყოფნას ამოზრდის ბორცვად. დროის გვამს ჩემი ხასიათი აქვს — მზემ გამოზარდა ჩრდილობი ხორცად! ზეცის საყრდენი ღმერთშიც შეიძრა, მკითხველი ცამაც ვეღარ დაინდო. ღმერთმა ჯიბეში ჩადო მთელი ცა და ჯოჯოხეთმა ქუსლზე დაიდო! „ცეცხლებმა დანტე კალთაში კოცნეს“, დანტეს პლაცენტა შეძერწეს კოკრად. მიქაელი ვარ, თუ კალამს მომცემ, რაც ვერ მოკალი, იმასაც მოვკლავ! ნიცშე თუ გიმტვრევს ყოველდღე რწმენას, მალარმე ჩუმად გახრჩობს ჭრილობით; მე ვერ დაგიტევ წერტილად წყენას და მაინც მოგკლავ უწერტილობით! აქ ღმერთის შუბლზე დუმან ცვილები, სასუფეველს კი ვკიდებ ჩირებად. მე შენ ზმნას გიცვლი და ამ ცვლილებას ქვემდებარე არ ემორჩილება! პოეტი ვარო? ვახ! შენც იტყვი: რა — ღმერთმა დამწერა. კალამი მე ვარ?! სამყაროს გიჭრი სიტყვასიტყვილად — სარკემაც ჩრდილი ამოიმზევა! თვალები მიწას ცამ დაუბინდა, სამკუთხედით ვცვლი, ეშმაკო, ამ წრეს. მე წერტილს მოვხსნი უფალს შუბლიდან და მერე, ალბათ, თავიდან დაგწერ. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი