ღმერთის ნულმოკვეთა


დრო ჩემს საფლავში საათებს აჩენს,
მთვარე გუგაში თევზივით ცურავს.
ჩრდილის მუცელში ცოცხალი დავრჩი —
იქნებ, არარსის ღმერთი ვარ სულაც.

და ჩემში მთვარე დადის უკუღმა,
სადაც უკუნი საკუთარ თავს შობს.
ვამშობიარებ მზეს მისტიკურად,
რომ ღმერთმა ღმერთში შვას სათამაშო.

და ჩემში მკვდარი ცა ამოვიდეს,
არარსმა ჩემი სახით იარსოს.
მინდა, ღერძივით დრო ამოვიგდო —
ქარი სტკიოდეს სადღაც ნიავსაც.

შავ მზეს მოვიგდებ მიწაზე მხრიდან,
ღმერთს გავაღვიძებ მკვდარი საათით.
ნათურას ვუცვლი დროს ჩიტის ხმიდან,
ცას დავუმიზნებ ჩიტის სამარხით —

საფლავში ჩავრგავ ცას და დასაბამს,
არარსს ჩავაცვამ არყოფნის სამოსს.
დრო თვითშობილ თავს დაკლავს ყასაბად —
ნულს მოაჭერი თავი და წამო!

რომ ავმეტყველდეთ ზეცართავიდან,
ზმნას ზმნა შეასკდეს ლექსში დენთივით!
რადგან ბიბლიის ყველა თავიდან
მე ღმერთს ქმნადობა შევაჭამე — ნულმოკვეთილი!

ცამ სასვენი შვა — ნიშნად კეთილის;
და იშვა — ამინ!
იქმნა ნულმკვდარი!

ისისის ცრემლი ჩამოვარდა ვით გაკვეთილი —
წიაღში ჩრდილის მუტაცია დარჩა უკვდავი!

შეკუმშულია ბნელი წერტილად,
უწერტილობა — ნულსისხლთა დრამად.
არარსმა ეგო გამაწყვეტინა
და ნულმა უფალს  უწოდა — მამა!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი