სადაც ღმერთი ვარდნით ყვავის
კანს ძალით აცვია კანალიზაცია — ცივილიზაციაა ჭრილობა, რომელსაც ჰალსტუხი გაუკეთეს; სიბინძურემ ხელები დაიბანა და სარკეს უთხრა: შენ ხარ პროგრესი — მე კი შენი ჯვარცმა. ხორცის ხარვეზში ახარხარდა დეფორმაცია; სახიდან ჩამოცვივდა დაბადებამდე ჩაჭედილი შეცდომები — ძვლებს შორის ღმერთის უხეში ნაკერი გამოჩნდა, და ვერც ერთმა კანმა ვეღარ დამალა ის, რაც მაქვს! ჩემი ჩრდილი ჩემზე ადრე იწყებს ემიგრაციას; სხეულს კი სამშობლოდ დარჩენა აქვს მისჯილი. სადღაც უცხო ცის ქვეშ ჩემი სიბნელე პირველად იგრძნობს თავს შინ. მზე ქარაფიდან გადაიჩეხა — ცას სისხლი აუვიდა; ქარმა მიმართულება მოიტეხა; გრავიტაციამ მიწას ხელი გაუშვა — დაცემას ფრთები ამოუვიდა, და ცამ საკუთარ ნანგრევებში იპოვა ბავშვი! ცა ნებით ცდება — ცდომილებას ცრემლი აცვია; მიწა სიმართლეს ღეჭავს და ძვლებს ცას ატანს; ღმერთმა საკუთარი ჩრდილი შექმნა ვარდნის მირაჟით. სრულყოფილება სიმახინჯეს ეთაყვანება; დეგრადაციამ შუბლზე აკოცა — და სამყაროს გახსნილ, უხმო ჭრილობაში, იქ, სადაც თვით სიცოცხლესაც ეზიზღება დაბადება, დეგრადაციის საშოდან ამოვიდა " ვარდი სილაში! " " სილაში ვარდი! " მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი