ღმერთმავიწყა


მეუცხოვა ძლიერ ეუსტომა ვაზის,
შეეხორცა სადღაც ჩრდილის ტორტმანი კანს.
ამიტომაც მინდა მე უფრო ლამაზი —
არსად რომ არ იცნობს ჯერაც ბოტანიკა.

ქუჩა წელავს მზის გვამს, როგორც საღეჭ რეზინს,
ქრონოსს ვაჭმევ სისხლს და მზის ჩრდილს დარგავს თია.

პლაზმის ჭკნობისკენ აქვს ნატიფობას გეზი.
სადმე ნაგვის ურნიდან
მოვიყვან განთიადს!

მზეო, ნაპრალისავ, მიასწარი მერმისს!
ფანტასმაგორია ხარ და განიფერფლე!
ნეონმა ცა კაწრა — იასამნისფერი.
მზეო, ნაპრალისავ!
მზეო, ჩრდილის მეფევ!

დამლაშებულ ჩრდილში ღმერთი ნატბორია.
გადამისვი თავზე სხივი, ასფალტყვავილს.
მზეო, შენი ჩრდილი არის აპორია,
ამიტომაც ჩრდილში ფეხი გადავყავი!

ურნიდან კი, მზეო, ვიღებ ღმერთის აკვანს,
თბილი, უბედური — ჩავაწვინე შიგ დრო.
აქ ასფალტზე სისხლმა შხამი დაიბადა —
ვით ქტონური ლიმბო — ჭკნობის ქვეშ, რომ იდო...

პოლიეთილენის ფრთებში გახვეული.
არარას სურს მომრწყას — მე მიწის ქვეშ ვყვავი!
მეტრო ხმაურს მაყრის — ვარ ცის დამწყვდეული,
ღვთის ამნეზიაში — მიწისქვეშა ყვავი!

მეუცხოვა ძლიერ ეუსტომა ვაზის,
ამიტომაც მინდა მე უფრო ლამაზი!


---

ისეთი, სიკვდილსაც რომ აურიოს მისამართი
და საფლავზე დამიყენოს ბანკომატი.

მე ვარ ბოტანიკურად გაუთვალისწინებელი,
და შუქნიშანი წითლად ანიშნებს
გარდაცვლილს, რომ გზა თავისუფალია
და მუნიციპალური ვარსკვლავებით მოჭედილი.

ქალაქი ლამაზდებოდა,
მანამ, სანამ სილამაზე
საკუთარ გვამს არ დაემსგავსა
და ღმერთმა, სირცხვილისგან,
ადამიანის სახე ითხოვა.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი