ჩრდილზე ადრე ამოჭრილი


სიჩუმის წყლულში მზემ გაიელვა,
ექოში ანბანს ღეჭავს მზეპირა.
დრო, ხორცში, გახრწნის ავადმყოფ მელანს,
ეშმაკს აკოცებს შუბლზე ზეპირად.

მე, როცა ბოლო სიტყვამდე მივალ,
ჩემი დუმილი დაიწყებს ყვირილს.
დაბადებიდან მე ჩრდილზე წინ ვარ
და ჩრდილზე ადრე ვარ ამოჭრილი!

მე ლექსს აღარ ვწერ — ვაფურთხებ ქაღალდს,
საკუთარ ღმერთზე ადრე მდევნიან.
სადაც არყოფნა იწყება გაღმა —
ჩემი არყოფნა რაოდენია!

დროს მზის სასაზე ჩრდილი გაჩრია,
ცას გაჰპარვია ძილი კანტურად.
გამართულ ბევრ ლექსს არ გააჩნია —
თანდაყოლილი ტემპერატურა.

მთელი სიჩუმე ჩრდილში გაკივის,
ღმერთი ჩემს ძვლებს წერს შავი ნუსხებით.
მზე სისხლს ახველებს ამიაკივით,
სიჩუმის წყლულში დავისუსხები!

რაც შიგნით ხდება — სხვა არის რაღაც,
სამყაროს ვტოვებ შიგნიდან დასვრილს.
ცას სკამი ელდით გამოვაცალე
და სტიგმატებად სხეულზე დავსვი!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი