ეზოს გაქცევა


ჭიშკარს ეზოდან გაქცევა უნდა,
მთელი ღამეა ქუჩისკენ იწევს,
ჩემი სიბერე ბავშვობას გუნდავს,
თითქოს ვიღაცის ნაბიჯებს იწვევს.

ფესვებს მიწიდან ამოსვლა უნდათ,
ხეებს კი მიწის სიღრმეში ჩასვლა,
და მე მგონია, ამ ქვეყანაზე
ყველაფერს სხვაგან უნდება წასვლა.

ველი ვიღაცას, ვინც აქ არ მოვა,
ჭიშკართან ვდგავარ — ცრემლსაც კი ვერ ვღვრი,
ჯიბეში მიდევს ცისფერი თოვა,
მწიფე გულივით გახსნილი ლეღვი!

ეზოში ძველი კაკალი დგას და
ქარი გვიბრუნებს დაბერტყილ სეზონს.
ჭიშკარს ეზოდან გაქცევა უნდა
ვეღარ ძლებს, მგონი, უშენოდ ეზოც.

ქარი ტოტებით იხუტებს ქლიავს,
ჩემი ბავშვობა შენში ირწევა.
გაუთხრელი საფლავის ყვავილი მქვია
და შენი წასვლის ფესვებთან ვწევარ!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი