თრობილები


უდაბნო ეპყრა ქიმერულ დუმილს,
ჟრჟოლა მოჰქონდა ღამეს ჩვენკენაც,
ვით აყვავებულ ვარსკვლავთა სუნი.

ცა გვაჩვევს სადღაც უცხო შეჩვევას.

თეთრი ყვავები თუ არ მოქრიან
და არაფერი არ ისმის ღვთისგან,
დავკრეფ კაშკაშა წითელ ოქროებს,
დუმილს ამოვზრდი პოეზიისგან,

რომ ერთარსებით ვიყოთ მთვრალები,
საყოველთაოდ და თან საჩვენოდ.
მთვარეებს ჰგვანან შენი თვალები,
რომლებიც გინდა მზედ მომაჩვენო.

ვხედავ თითებით და ვაფერადებ
უსაბურველო მზეთა ინფანტას.
ცას გადავცურავ ეფემერამდე
და სულს სიღრმეში სადღაც მივფანტავ.

თეთრი ყვავები თუ არ მოქრიან
და არაფერი არ ისმის ღვთისგან,
დავკრეფ კაშკაშა წითელ ოქროებს
და ანგელოზებს დავათრობ მისგან!

მზეო, მოსავლის! თიბვა გეწვევა,
შენს მნათობებში ჩავწვავ ქაღალდებს.
მდუღარე წვიმებს ვიხმარ ზეწრებად,
ცის ძუძუებში დღე, რომ გაყვავდეს!

ბინდად შობილი, ვდგავარ ამაყი,
გაქვავდა მზეში ჩრდილი თრომბივით.
მთვარის რძითა და სხივთა არაყით —
შავი თაფლივით ვარ დათრობილი!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი