ცისნაკაწრი ნართაული


ვით ხილვას, ისე, ცასაც უფრთხები,
ცას გადაჰკაწრავ  სულო, ჩხიკვივით.
ცის ცრუ აღთქმაზე ჩასაფურთხებლად —
ნისკარტით ღმერთის დუმილს მიჰკივი!

ცხრა ჯოჯოხეთს კვნეტს ცაზე ბინდბუნდი,
ეფემერულ მზეს სწყდება ჩქამივით.
ბეტონის ცისკენ ზურგით მივბრუნდი —
სანამ ნეონის წყევლა ჩამივლის!

ქერუბიმებმა თავი დახარეს,
ნეონის ჯვარზე ვკვნესი ზენაარს.
ვარდი ბეტონში შერისხული ისე ხარხარებს —
ცის ჭრილობაზე ამოსული ნათელფენაა!

თავდაღმა ჯვარზე — გაკრულდამწვარი —
შეჩვენებული ვარდი — სხვაშია.
სულო — მზეს სიზმრით გადაასწარი —
ვით ჯვარცმულ ვარდში უკვდავ ხვაშიადს!

სულო — ხვაშიადს გვერდს ვერ აუვლი,
ვარდის ჭრილობა უბრად თუკია.
ცის ამოშლილი ვარ —  ნართაული
და გრამატიკა უბადრუკია...

სისხლიან ცის და ცასაც უფრთხები,
ცას გადაჰკაწრავ  სულო, ჩხიკვივით.
ცის ცრუ აღთქმაზე ჩასაფურთხებლად —
ნისკარტით ღმერთის დუმილს მიჰკივი!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი