ქვისქვეშცისკარი
ფესვიდან, ფერდობად, დავრჩები ხეჭეჭად, ძეძვიან, ცვრიანად, გული ვარ უნაბის. ვერაფრით იხარებ, ფესვებს თუ ვერ ღეჭავ — თუ შენ უცხო გულით დადიხარ — მსუნაგი... ამ ქართულ მიწაზე და მისი არ გესმის: ჭორომის, ლელქაშის, ფითრის და ყამირის. მე მიყვარს ათასგზის მამული ნაგესლი, სისხლს რომ ამოხეთქავს და ფიქრს რომ აგირევს! დედის ენაზე დავისიზმრე სულ სხვა უზანი, დედის სიზმრიდან ამოზრდილი მე ვარ ძახველი. ჩრდილს მომავლიდან — შერცხვენილი — წერილს ვუგზავნი, რომ თავმდაბლობა ამოახველოს! მე მარტოობას შევეზარდე, როგორც ლიქენი, ძეძვის ეკალზე, განთიადის ნამად, ცვრიანი. ჯანდაბა პოეტს, დედაჩემო, თუ არ ვიქენი — ა დ ა მ ი ა ნ ი! ვარ სამშობლოში დარჩენილი უცხოდ — კენჭნარი, მე ვარ ქვისგულა და ცოცხალი, როგორც ხრამული. დედაჩემივით, საქართველოვ, დიდხანს შემჭამე! ხვალგუშინისგან გამოზრდილი იყავ, მამული! ქვისგულოვნებით დაიმარცვლე, ლექსო — მუხუდოვ, ცისმარილოვან სიზმრებიდან მოფრენს ჭივჭავი. ამოფრთენილი, ცისკენმხტომი, სინდისუქუდო — ჩვილი მამული ფეხქვეშ მიჭყავის! ქვისქვეშყვავილობს ხვალგუშინი, ვით მატიტელა, მამული ჩემში ამოსულს ჰგავს, თითქოს მაჯაღვერს. წარვსდგები ბოლოს ტრაგიკულად, ღმერთთან ტიტველი, დედის სიზმრიდან ამოფრთენილ ცას შევაჯახებ! ჩაჭიდებულა ცის სიღრმეებს ჩრდილი მურყანად, თავზეგადაზრდილს შეურთდა მამულს ჟინჟღლიანს. ყველა სიმაღლე, დედაჩემო, დრომ დაიყვანა — სადაც ზეცამდე თავებს იღლიან! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)