წინ — არყოფნა


ბრბოს რომ პოეზია ჩემი მოსწონს,
არყევს ჩემს ყოველგვარ ამბიციას.
იქნებ დასასრული შემიმოწმონ,
რადგან დასაწყისიც არ იციან!

მხოლოდ ჩემი თავი გავიარე,
საკუთარ თავს მზე ვერ დაიწვავს.
ჯდომა ზურგშექცევით კაი არი:
რადგან წინ ბრუნდება დედამიწა!

როგორ დამასწარი, ჩემო ხვედრო,
ცოცხალს მივუსწრე და მკვდარს კი გვიან.
მე ჩემს წარსულში ვეძებ მომავალს —
შენ კი მომავალს წარსული გქვია.

დაე, ჩემი ჩრდილი ატალახდეს
და გადაეფაროს ჩემს კვალს ბინდი.
მე ჯერ არა ვარ, რაც უნდა გავხდე —
ის კი უკვე ვარ, რაც ჩემგან მიდის.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2021 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი