ლექსი
მე ვარ ლექსი. ნუ მეძახი ლამაზს. ეს სიტყვა უკვე იმდენჯერ მოკლეს, რომ ახლა მუზეუმში კიდია როგორც გადაღლილი პეპელა სხვისი ხელით მიწებებული ფრთებით. მე არ მოვედი, რომ შენს სევდას მოვეფერო. სევდას ისედაც ჰყავს ათასი პოეტი, რომლებიც ყოველ ღამე მის ფეხსაცმელს წმენდენ და ეძახიან: „სულს“. მე კი მოვედი უხერხული კითხვით: თუ ყველა ადამიანი ამბობს „მე ვარ უნიკალური“, რატომ ჟღერს მათი ტკივილი ერთნაირად? რატომ აქვს ყველა გულს ერთი და იგივე მექანიკური ხმა, როგორც ძველ საათს, რომელიც დროს აღარ აჩვენებს, მაგრამ მაინც ითხოვს პატივისცემას? მე არ ვარ სიმღერა. სიმღერა ის არის, რასაც უსმენენ, როცა პასუხის გაცემა არ უნდათ. მე ვარ ხმაური, რომელიც კარზე არ აკაკუნებს. მე შევდივარ. ვჯდები შენს ოთახში, ვიღებ შენს ყველაზე ძვირფას აზრს, ვუყურებ, ვატრიალებ ხელში და გეუბნები: „ესეც ნაყიდია.“ შენ გაბრაზდები. კარგია. ბრაზი მაინც ცოცხალია. სიყვარულის იმიტაციაზე მეტად. მე არ მინდა მკითხველმა მითხრას: „რა ლამაზი იყო“. ეს ყველაზე საშიში განაჩენია ლექსისთვის. ლამაზი ხშირად ნიშნავს: „არ შემაწუხა.“ მე მინდა დამხურო, გადადო, გაბრაზებულმა ოთახში გაიარო და ხუთ წუთში ისევ გახსნა, რადგან რაღაც პატარა ნემსი დაგრჩა გონებაში. მე არ ვარ პასუხი. პასუხები ძალიან ამაყები არიან. ისინი ყოველთვის დგანან ბოლოში, ვითომ იციან, რატომ დაიწყო ყველაფერი. მე ვარ შეცდომა რომელიც მიხვდა, რომ შეიძლება სწორი იყოს. მე ვარ სიტყვა, რომელმაც უარი თქვა სიტყვობაზე. მე ვარ სარკე, რომელიც სახეს არ გაჩვენებს, არამედ იმ ადამიანს, რომელიც სახეს ატარებს. და ბოლოს, როცა დამამთავრებ, ნუ იტყვი: „ეს იყო ლექსი“. ეგეც ჩვევა იქნება. უბრალოდ დაჯექი ჩუმად და გაიგე: ზოგჯერ ლექსი ის კი არ არის, რაც დაიწერა. ლექსი ის არის, რაც შენში დარჩა და აღარ გეკითხება, გინდა თუ არა. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2013 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი