გატეხილი სარკე
იყო დრო, როცა საქართველო ღამეს საათით კი არა, სანთლის სიგრძით ზომავდა. ელექტროენერგია სტუმარივით მოდიოდა - კარზე ერთხელ დააკაკუნებდა, შემოვიდოდა, ორიოდე წუთს გაგიღიმებდა და ისევ გაუჩინარდებოდა. მერე კი სიბნელე ბრუნდებოდა, როგორც ძველი ნაცნობი, რომელსაც წასასვლელი არსად ჰქონდა. კერასინის სუნი მაშინ ყველა ოჯახს ერთნაირად ეცვა. პატარა ცეცხლი, რომელიც კერასინკაზე ცახცახებდა, მხოლოდ ოთახს კი არ ათბობდა - ადამიანების გულებსაც ერთმანეთთან აკერებდა. იმ ცეცხლს ერთი უცნაური ძალა ჰქონდა: ცივ ზამთარში სხეულებს ათბობდა, მაგრამ უფრო მეტად ადამიანებს ასწავლიდა, როგორ არ გაცივებულიყვნენ ერთმანეთის მიმართ. პურის რიგები მხოლოდ პურისთვის არ იდგა. იქ ადამიანები მოთმინებას ცვლიდნენ იმედში, სიჩუმეს - ღიმილში, და შიმშილს - ერთმანეთის თანადგომაში. თუ ვიღაც მოხუცი უკან იდგა, რიგი თავისით იწეოდა მისკენ, თითქოს ადამიანურობას საკუთარი ფეხები ჰქონოდა. მაშინ სიღარიბე ჯიბეში ცხოვრობდა, მაგრამ გულში ვერასოდეს შედიოდა. წიგნის მაღაზიებთან რიგები იდგა. ადამიანები ფურცლებს ისე ელოდნენ, როგორც მწყურვალი ელოდება წყაროს პირველ წვეთს. წიგნი ნივთი არ იყო - მეორე სიცოცხლე იყო. დღეს კი ეკრანები ათას ფერს ანათებენ, მაგრამ ხშირად ვერც ერთ გვერდს ვეღარ ანთებენ ადამიანის სულში. იმ წლებში მეზობლის კარზე დაკაკუნება დახმარების თხოვნას არ ნიშნავდა. ეს იყო რწმენა, რომ კარი აუცილებლად გაიღებოდა. მაშინ საკეტები კარებზე ეკიდა, მაგრამ გულებზე - არა. შიმშილი ბევრს სტუმრობდა, თუმცა სუფრა არასოდეს იყო მარტო ერთი ოჯახისა. ბოლო ლუკმაც კი ისე იყოფოდა, თითქოს პურს საკუთარი გული ჰქონოდა და ეშინოდა, ვინმე მშიერი არ დარჩენილიყო. დღეს ქალაქები სინათლით არის სავსე, მაგრამ ზოგჯერ სახეები ჩრდილებს ჰგვანან. მაშინ ქუჩები ბნელდებოდა, თუმცა ადამიანები ერთმანეთისთვის ვარსკვლავებად ინთებოდნენ. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მაშინ დრო ნელა მიდიოდა, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს უფრო სწრაფად პოულობდნენ. ახლა დრო გარბის, ადამიანები კი ხშირად ერთმანეთის გვერდითაც ვერ ხვდებიან. 90-იანები არ იყო მხოლოდ სიცივე, შიმშილი და უშუქობა. ეს იყო ეპოქა, როცა ადამიანის ფასი ფულზე მაღალი იყო, სიტყვა - ხელშეკრულებაზე ძლიერი, და ჩახუტება - ყველაზე ძვირად ღირებული სიმდიდრე. იქნებ ამიტომაც ახსოვს იმ თაობას ის წლები ტკივილით, მაგრამ სითბოთი. რადგან იმ სიბნელეში მათ აღმოაჩინეს ის, რასაც ყველაზე ძლიერი ნათებაც ვერ ქმნის - ადამიანი. და ზოგჯერ მგონია, რომ იმ წლების საქართველო გატეხილ სარკეს ჰგავდა: ცხოვრება ათას ნატეხად იყო დამსხვრეული, მაგრამ თითოეულ ნატეხში მაინც ადამიანის სახე ირეკლებოდა. დღეს კი სარკე თითქოს მთელია, მაგრამ ხშირად საკუთარ ანარეკლსაც ვეღარ ვცნობთ. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი