ნაოჭი


ღმერთმა ერთხელ სარკეში ჩაიხედა და შუბლზე ახალი ნაოჭი აღმოაჩინა.

- ეს საიდან გამიჩნდა? - გაიცინა.

სიკვდილი იქვე იჯდა, ცარიელ სამარეზე გადაფარებული, როგორც მოხუცი მებადური ნაპირზე.

- ადამიანები ბერდებიან, და შენც ბერდები მათი ფიქრებისგან.
ღმერთს გაეღიმა.

- გამოდის, მთელი სამყარო ჩემი სახეა?
- ან შენი სიზმარია, - უპასუხა სიკვდილმა, - ან უბრალოდ ცუდად დაწერილი ხუმრობა.

ამ დროს, დედამიწაზე, გოგონა და ბიჭი ერთმანეთს კოცნიდნენ.
წვიმდა.
წვიმა კი ცის ცრემლი არ იყო. ეს იყო ანგელოზების მიერ დახეული წერილები, რომლებიც მიწაზე ფრაგმენტებად ცვიოდა.
ბიჭს ერქვა ნოე.
გოგოს - მარიამი.
მათ ერთმანეთი ისე უყვარდათ, თითქოს დრო მხოლოდ ჭორი ყოფილიყო.
მაგრამ დრო ჭორი არასოდეს არის.
დრო ჯალათია, რომელსაც ყოველთვის უყვარს დაგაგვიანოს საკუთარი სიკვდილის შესახებ.

ერთ ღამეს ნოე მოკვდა.
უბრალოდ, გული გაჩერდა.
არც ზეცა გაიხსნა.
არც საყვირები ახმაურდა.
არც სასწაული.
სიკვდილი მოვიდა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

- მოდი, წავედით.
- ასე უბრალოდ?
- აბა რას ელოდი? ფეიერვერკებს?
ნოეს გაეცინა.
- უფრო საშიში წარმომედგინე.
- ადამიანებს რეკლამა უყვართ, - მხრები აიჩეჩა სიკვდილმა.
მარიამი მარტო დარჩა.
მისი სევდა სახლს დაემსგავსა.
ყოველ დილით ახალ ოთახს აჩენდა.
ერთ ოთახში მონატრება ცხოვრობდა.
მეორეში - სიჩუმე.
მესამეში - ნოეს ხმა.
და ყველაზე პატარა ოთახში ღმერთი იჯდა, მუხლებზე თავჩაღუნული.
ერთ დღეს მარიამი დაბერდა.
სახეზე პირველი ნაოჭი გაუჩნდა.
სარკეს შეხედა და მოულოდნელად ნოე გაახსენდა.
მერე მეორე ნაოჭი.
მესამე.
მეოთხე.
თითოეული ნაოჭი თითქოს სიყვარულის ხელმოწერა იყო კანზე.
როგორც უხილავი მელნით დაწერილი სახარება.

როცა ბოლოს თავადაც მოკვდა, სიკვდილი კართან დახვდა.
- აბა, წავედით?
- ნოე იქ არის?
- ყველგან არის, სადაც შენ გახსოვს.
მარიამს გაეღიმა.
და მაშინ მიხვდა.
სამოთხე ადგილი არ ყოფილა.
ჯოჯოხეთიც არა.
ისინი მეხსიერების ორი განსხვავებული ტემპერატურა იყვნენ.
სადაც სიყვარული არასოდეს კვდებოდა.
მხოლოდ ფორმას იცვლიდა.
როგორც წყალი.
როგორც ვარსკვლავი.
როგორც ღმერთის შუბლზე გაჩენილი ნაოჭი.

იმ ღამით ღმერთმა ისევ ჩაიხედა სარკეში.
ახალი ნაოჭი კიდევ დაემატა.
- ეს ვისი არის? - იკითხა.
სიკვდილმა ჩაიცინა.
- ორი შეყვარებულის.
- და რატომ არ ქრება?
- იმიტომ, რომ სიყვარული ერთადერთი დაავადებაა, რომლისგანაც განკურნება თვით ღმერთსაც არ შეუძლია.
ღმერთმა თავი დახარა.
შემდეგ კი ორივეს გაეცინა.
სამყაროს იქით.
სიცოცხლის აქეთ.
და იმ სიცილში იმდენი სევდა იყო, რომ ახალი გალაქტიკა დაიბადა.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი