უკუჩვენება


ამბობენ, ყველა ადამიანს აქვს ერთი სიტყვა, რომლის მოსმენაც ნელ-ნელა შხამად ექცევა.

ზოგისთვის ეს არის - „მაპატიე.“
ზოგისთვის - „დარჩი.“
ზოგისთვის კი - „მიყვარხარ.“
აბრაამი ამას გვიან მიხვდა.

მთელი ცხოვრება ადამიანების გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ უცნაურად, ვისაც ყველაზე მეტად ეხმარებოდა - ბოლოს სწორედ ისინი ტოვებდნენ. თითქოს მისი სიკეთე უხილავ უკუჩვენებად იქცეოდა.
ერთ ღამეს, ძველ აფთიაქში შევიდა.

 ქალაქის ბოლოს იდგა ის შენობა -  მტვრიანი, ჩაბნელებული და თითქმის დავიწყებული. კედლებზე უცნობი სიმბოლოები იყო ამოკვეთილი.
დახლთან მოხუცი იდგა.
- „რას ეძებ?“ — ჰკითხა მშვიდად.
- „წამალს… საკუთარი თავის წინააღმდეგ.“
მოხუცს არ გაჰკვირვებია.
ნელი ნაბიჯით გამოიტანა პატარა შავი ფლაკონი. ზედ მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა:

„სიმართლე.“

- „ფრთხილად,“ - თქვა მოხუცმა.
- „ყველა წამალს აქვს უკუჩვენება.“
იმ ღამით აბრაამმა ფლაკონი გახსნა.
არაფერი დაულევია.
უბრალოდ ოთახში საკუთარი ფიქრები გაიგონა.

პირველად მიხვდა, რომ ადამიანები მას იმიტომ არ ტოვებდნენ, რომ ცუდი იყო…
არამედ იმიტომ, რომ საკუთარ სიცარიელეს სხვების გადარჩენით მალავდა.
სიჩუმე ყველაზე სასტიკი დიაგნოზია.
ის არ გაყვირის - მხოლოდ ყველაფერს აშიშვლებს.
სარკესთან მივიდა.
და უცნაური რამ დაინახა - მის ანარეკლს თვალები არ ჰქონდა.
მხოლოდ ბნელი სიცარიელე.
შეშინდა.
- „ეს რა არის?..“

სიბნელიდან ჩურჩული გაისმა:
- „ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი დაკარგა სხვისი სიყვარულის მცდელობაში.“
აბრაამი ძირს ჩაიკეცა.
პირველად ცხოვრებაში არ უცდია გაქცევა.
მიხვდა:
ზოგჯერ ადამიანის ყველაზე დიდი დაავადება ის არის, რომ მუდმივად სხვებისთვის ცხოვრობს და საკუთარ სულს შიმშილით კლავს.
გარეთ გათენდა.
ძველი აფთიაქი გაქრა.
თითქოს არც არასოდეს არსებობდა.
ხოლო დახლზე დარჩენილი მტვრიდან მხოლოდ ერთი ფრაზა იკითხებოდა:
„სიმართლე კურნავს…
მაგრამ ჯერ ანგრევს.“

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი