გზის ფორმა


სცენა ბნელდებოდა, მაგრამ სიტყვა:  არა.
ქალაქში ხმაური არასოდეს ქრება; უბრალოდ იცვლის ფორმას. ერთ დღეს ის ქუჩის ქაოსია, მეორე დღეს - თეატრის დარბაზში ჩურჩული, ხოლო მესამე დღეს - ეკრანებზე გადმოფენილი გაბრაზება. ასე იყო იმ საღამოსაც, როცა სცენაზე კვლავ დაიდგა „ვეფხის ტყაოსანი“  ტექსტი, რომელიც საუკუნეებს გადაურჩა, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე თავიდან იბადება.

ამბობენ, რომ ხელოვნებას უნდა ემსახურო, მაგრამ არავინ გეუბნება; ვის უნდა ემსახურო, როცა ხალხი თავად ვერ თანხმდება, რა არის ხელოვნება.

სპექტაკლი დაიწყო მშვიდად. სიტყვები, თითქოს ძველი ქვებიდან ამოთხრილი, კვლავ ცოცხლდებოდნენ. მსახიობები არ თამაშობდნენ, ისინი გადმოსცემდნენ რაღაცას, რაც არც ერთ ეპოქას არ ეკუთვნის. და მაინც, დარბაზში უკვე იბადებოდა უხილავი წინააღმდეგობა. არა ხმამაღალი პროტესტი,  უფრო ის უხერხული სიჩუმე, როცა ადამიანი საკუთარ აზრს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს.
შემდეგ კი,  როგორც ყოველთვის  სიტყვამ გარეთ გადაინაცვლა.

ვიღაცამ თქვა: „ეს ღალატია.“
სხვამ უპასუხა: „ეს არის თავისუფლება.“
მესამემ მხოლოდ დაინახა და არაფერი თქვა  და სწორედ ის იყო ყველაზე ახლოს სიმართლესთან.
რადგან სიმართლე არ არის ხმამაღალი.

ერთმა მოხუცმა, რომელიც თეატრიდან ნელა გამოდიოდა, ჩაილაპარაკა:

„ვეფხის ტყაოსანი არასოდეს ეკუთვნოდა არც ერთ რეჟისორს, არც ერთ მაყურებელს. ის ეკუთვნის გზას, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს, სანამ საკუთარ თავს შეხვდება.“

მაგრამ ადამიანები იშვიათად დადიან ამ გზაზე. მათ ურჩევნიათ იდავონ გზის ფორმაზე, ვიდრე თავად იარონ.

ლანძღვა დაიწყო:  როგორც ყოველთვის, სწრაფად და მარტივად. სიტყვები იქცა იარაღად, მაგრამ არა იმგვარად, როგორც პოეტი იყენებდა:  არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც ეშინია გაუგებრობის. რადგან რაც არ გვესმის, ხშირად გვაღიზიანებს. და რაც გვაღიზიანებს, იმას ვებრძვით.

თუმცა ხელოვნება ბრძოლას არ პასუხობს. ის უბრალოდ რჩება.
როგორც ქვა მდინარეში.  წყალი შეიძლება ხმაურობდეს, ტალღები შეიძლება ეჯახებოდეს, მაგრამ ქვა მაინც იქაა. და დროის შემდეგ, სწორედ წყალი იცვლება, არა ქვა.

იმ ღამით თეატრი ისევ დაცარიელდა. სიტყვები ისევ დარჩა სცენაზე, უხილავად. და სადღაც, ქალაქის ხმაურში, კვლავ იკითხებოდა ერთი და იგივე კითხვა:

არის თუ არა ხელოვნება ის, რაც გვესმის, 
თუ ის, რაც გვაიძულებს, საკუთარ გაუგებრობას შევხედოთ?

პასუხი არავის უთქვამს.
და ალბათ სწორედ ამიტომ გაგრძელდება ეს ამბავი.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი