თამთა და ეგო
თამთა სამი თვე იყო, რაც იოგაზე დადიოდა. ამ სამ თვეში იმდენი სთორი დადო, თითქოს ჰიმალაიდან ახლახან ჩამოსული გურუ ყოფილიყო. ყოველ დილით დებდა ფოტოს: - „დღეს ისევ შინაგან სიმშვიდესთან ვიყავი.“ სინამდვილეში კი ფოტო ხუთჯერ გადაუღო, სანამ მზე სწორ კუთხეში არ დადგა. თამთას ყველაზე საყვარელი ფრაზა ჰქონდა: - „ეგო გჭამს.“ ამას ამბობდა ყველასთან. მეზობელმა უთხრა: - თამთა, შენი მანქანა ჩემს ადგილას გიყენია. - ეგო გჭამს. მაღაზიაში მოლარემ უთხრა: - ხუთი ლარი გაკლიათ. - ეგო გჭამს. ექიმმა უთხრა: - ეს რეცეპტი არასწორად წაიკითხეთ. - ექიმო... ეგო გჭამთ. ერთხელ მეგობარმა ჰკითხა: - თამთა, ეგო საერთოდ რას ნიშნავს? თამთა გაჩუმდა. ორი წუთი ჭერს უყურებდა. მერე თავდაჯერებულად უპასუხა: - აი... ეგო... ეგ არის... როცა ადამიანი... ნეგატიურ ვიბრაციაზეა. - ანუ? - ანუ... ეგო. ამ პასუხით იმდენად კმაყოფილი დარჩა, საკუთარ თავს ტაში დაუკრა. იოგას დარბაზშიც ყველას ასწავლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქტორი არ იყო. - ღრმად ჩაისუნთქეთ... ენერგია კოსმოსიდან მოდის... ეგო გაუშვით... ამ დროს თვითონ ტელეფონს აპარებდა თვალს, რამდენმა ადამიანმა ნახა მისი ახალი რილსი: „როგორ ვიპოვე ჩემი შინაგანი მე.“ ერთ დღეს ნამდვილმა იოგას მასწავლებელმა ჰკითხა: - თამთა, იოგაში ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? თამთამ ღრმად ჩაისუნთქა. თვალები დახუჭა. ხუთი წამი იფიქრა. და თქვა: - მთავარი ისაა... კარგი ლეგინსი გეცვას. დანარჩენი ყველაფერი ენერგიაა. დარბაზი რამდენიმე წამით გაჩუმდა. შემდეგ ყველამ სიცილი დაიწყო. თამთა კი გაბრაზდა, წამოდგა და თქვა: - ხედავთ? ისევ ეგო გჭამთ! იმ დღიდან დარბაზში ახალი გამოთქმა გაჩნდა. როცა ვინმე უაზრობას იტყოდა, ყველა ერთმანეთს გადახედავდა და ჩუმად ჩაიცინებდა: - ფრთხილად... თამთა მოდის. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი